ისრაელის სპეცსამსახურებმა სამი თვის წინ ირანში მოკლეს „ალ-ქაიდას“ ერთ-ერთი ლიდერი აბდულა აჰმედ აბდულა, რომელიც კენიასა და ტანზანიაში აშშ-ის საელჩოებთან ტერაქტების მოწყობაში იყო ეჭვმიტანილი. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკულ სპეცსამსახურებში თავის წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.
მისი ცნობით, ისრაელის სპეცსამსახურებმა, აბდულა აჰმედ აბდულა (აბუ მუჰამედ ალ-მასრი) თეირანში 7 აგვისტოს ჩაცხრილეს. მოკლულია მისი ქალიშვილი მირიამიც, რომელიც „ალ-ქაიდას“ დამფუძნებლის, უსამა ბენ ლადენის შვილის, ჰამზას ქვრივი იყო. ჰამზა ბინ ლადენი „ალ-ქაიდაში“ სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირს კურირებდა და მისი ლიკვიდაციის შესახებ 2019 წლის 14 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა.
The New York Times-ის წყაროების მტკიცებით, აბდულა ირანში 2003 წლიდან იმყოფებოდა, თეირანში კი 2015 წლიდან ცხოვრობდა. ირანული მედია წერდა, რომ ის ქვეყანაში ლიბანელი ისტორიკოსის, ჰაბიბ დაუდის სახელით ცხოვრობდა. FBI-მ აბდულას დაკავებისთვის სასარგებლო ინფორმაციის სანაცვლოდ 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა.
კენიასა და ტანზანიაში აშშ-ის საელჩოებთან ტერაქტები 1998 წელს მოხდა. გარდაიცვალა 224 ადამიანი, მათ შორის აშშ-ის 12 მოქალაქე.