აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პენსილვანიაში მის წარმომადგენლებს 700 000 ბიულეტენის შემოწმებაში ეთქვათ უარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ შტატში მან გაიმარჯვა. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.
„ფილადელფიასა და პიტსბურგში 700 ათასი ბიულეტენის შემოწმებაზე გვითხრეს უარი, რაც ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით იმას ნიშნავს, რომ ჩვენ პენსილვანიის შტატში ვიმარჯვებთ!“ - წერს ტრამპი.
Fox News-ის ინფორმაციით, პენსილვანიაში ბიულეტენების 99%-ის დათვლის შემდეგ ჯო ბაიდენს 49,89% (3 414 712 ხმა), დონალდ ტრამპს კი 48,96% (3 351 656 ხმა აქვს).
ამერიკული მედიის მიერ გამოცხადებული საბოლოო შედეგების თანახმად, ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 306 ხმა მიიღო, ხოლო დონალდ ტრამპმა - 232 ხმა.
9 ნოემბერს დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ბილ სტეპინმა აღნიშნა, რომ რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით.