მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა გახდა ოპოზიციის ლიდერებს შორის დაპირისპირების საგანი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბარამიძე, პარტია „მოქალაქეს" ლიდერს ალეკო ელისაშვილს ერთ-ერთი არხის პირდაპირ ეთერში დაუპირისპირდა.
„ეს ბრძოლა რამდენ ხანსაც არ უნდა გაგრძელდეს, მივმართავ პარტიებს, რომ არ დავიწყოთ ერთმანეთში კინკლაობა. მაგალითად, რომ მიხეილ სააკაშვილს არ აქვს უფლება, რომ ამ ბრძოლაში მონაწილეობა მიიღოს. შევინარჩუნოთ ეს ერთიანობა, შევინარჩუნოთ და ერთგული ვიყოთ იმ სიტყვის, რასაც ტრიბუნაზე გამოსვლისას ვლაპარაკობთ. ყველას აქვს უფლება ტრიბუნაზე გამოვიდეს დაიბრძოლოს და თუ ვინმეს აქვს კიდევ უფლება, რომ იბრძოლოს იმ ასობით ათას ადამიანთან ერთად, არის მიხეილ სააკაშვილი", - თქვა გია ბარამიძემ, რასაც ჟურნალისტის მიმართვა მოჰყვა, დაეკონკრეტებინა, თუ კონკრეტულად ვის გულისხმობდა.
ჟურნალისტის კითხვაზე, გია ბარამიძემ ინგა გრიგოლიას „ფეისბუქის“ გვერდზე შესვლისკენ მიუთითა, საიდანაც წამყვანმა მისი პოსტის შინაარსი ამოიკითხა.
„ალეკო, აი, ახლა შენ შარზე თუ არ ხარ და ოპოზიციის ერთიანობის დარღვევას ხელოვნურად არ ცდილობ, ეს სისულელე როგორ უნდა გეთქვა?
მიხეილ სააკაშვილი არის ნაციონალური მოძრაობის ლიდერი და მისი როგორც პრემიერ მინისტრობის კანდიდატის წინამძღოლობით, ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო ასობით ათასი ჩვენი თანამემამულის ხმები.
ეს ამომრჩეველი, იმ ხალხის უდიდესი ნაწილია, ვინც არჩევნების გაყალბების შემდეგ, ეს დღეებია, სიცივეში, დღისით თუ ღამით ქუჩაში დგას და უზურპატორი ივანიშვილის რეჟიმს ებრძვის.
მათ შორის როცა აქციაზე სიტყვით შენ და სხვა ლიდერები გამოდიხართ ტაშს გიკრავენ, რადგან ოპოზიციამ (დღეს შენც ტრიბუნიდან ამაზე საუბრობდი) ის თქვა რომ ახლა ყველამ უკანა პლანზე უნდა გადავწიოთ ვინ რომელი პარტიის წევრია და ვის ვინ მოსწონდა აქამდე და ვის არა.
და ამ ფონზე მიხეილ სააკაშვილის (და ფაქტიურად მთელი მისი გუნდისა და ასობით ათასი მხარდამჭერის) წინააღმდეგ ასეთი გამოხდომა ვის და რა მიზანს ემსახურება? ბოლომდე არ მჯერა, რომ ეს მართლა ასე თქვი.
ამიტომ მაინც რბილად ვიტყვი, თუ ამ პრინციპული ბრძოლის პროცესში შენ და სხვა ლიდერებს, აქვს უფლება მონაწილება მიიღოს, მაშინ მიხეილ სააკაშვილს ამის უფლებაც და (ჩემი აზრით) მოვალეობაც,
100-ჯერ მეტად აქვს.
თუ ერთიანობაა ერთიანობა იყოს!
ხალხს ნუ გავუტეხავთ გულს და ნუ ვაფიქრებინებთ, რომ პოლიტიკოსების სიტყვებს ფასი არ აქვს და დიქტატორ ივანიშვილის ფულებით მოტრიალე წისქვილზე წყალს ნუ დავასხამთ.
ამიტომ მჯერა ამ მშვიდობიანი ბრძოლის პროცესში შენც საჭირო ხარ, სხვა მომცრო თუ წვრილი პარტიების ლიდერებიც და მით უმეტეს მთავარი ოპოზიციური პარტიის მთავარი ლიდერი და მამოძრავებელი ძალა, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი!
ძალა ერთობაშია!
საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს!", - წერია გიორგი ბარამიძის განცხადებაში.
მის საპასუხოდ ალეკო ელისაშვილმა სტუდიაშივე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიზნები არა საქართველოს, არამედ უკრაინას უკავშირდება.
„ის კაცი უკრაინაში ცხოვრობს და სხვა მიზანი აქვს იქით. ჰოდა, მეც ვთქვი, ან ჩამოვიდეს, ან თავი დაგვანებოს-მეთქი. ჩემთვის შენთან დგომა არის ძალიან დიდი დისკომფორტი, მაგრამ ვთქვი, რომ დიდი მიზნისთვის ვიბრძვით და ამიტომ ვდგავარ“, - თქვა ალეკო ელისაშვილმა.
მდგომარეობის განმუხტვას სხვა პოლიტიკური ლიდერებიც ეცადნენ.
„გია, არ ვლაპარაკობთ მაგ თემაზე ახლა არ ვლაპარაკობთ. ვლაპარაკობთ ბიძინა ივანიშვილზე, ხელახალ არჩევნებზე და არ ვკამათობთ მაგ თემაზე, ვართ გაჩუმებულები. უკვე ძალიან აუტანელია ეს ყველაფერი. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ შენ შემოიტანე ახლა ეს განხეთქილება.
მიშა სააკაშვილს, შენგან განსხვავებით, ეყო იმდენი ჭკუა, რომ იმ მიტინგზე, რომელზეც იყო უზარმაზარი ეკრანი და ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ტაშით შეხვდებოდა მიშა სააკაშვილის გამოჩენას, ეყო სააკაშვილს იმის ჭკუა, რომ იმ ეკრანზე არ გამოჩენილიყო", - უთხრა ნინო ბურჯანაძემ ბარამიძეს.
ცნობისათვის, ალეკო ელისაშვილმა დღეს განაცხადა: „საკმარისი რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ ეს კრიზისი განიმუხტოს და ეს პროცესი მიდის ზუსტად იმ მოლაპარაკებაზე, ეს პროცესი მიდის აქციაზე, ხოდა, ნუ ურევს ყველაფერს".