„მაიკ პომპეოს ვიზიტი უმნიშვნელოვანესია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერმა თეა წულუკიანმა „ქრონიკაში“ საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს დაგეგმილი ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, მაიკ პომპეო საქარველოში ჩამოდის არჩევნების მეორე ტურის წინ, მას შემდეგ რაც „ქართულმა ოცნებამ“ პირველ ტურში ხალხის ნდობა მესამედ დაიმსახურა.
„რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. ეს არის ტურნე, ის არ ჩამოდის მხოლოდ საქართველოში, საფრანგეთი და სხვა ქვეყნებია რიგში და ასევე რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ამ ვიზიტს საქართველოში“, - აღნიშნა წულუკიანმა.
თეა წულუკიანის განცხადებით, ის რომ ოპოზიცია მაიკ პომპეოს აქციით ხვდება, ეს მათი უფლებაა.
„ჯერ იყო საპროტესტო აქცია, ახლა არის საზეიმო აქცია მდუმარე ან მდუმარების გარეშე, ეს მათი უფლებაა“, - აღნიშნა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 17-18 ნოემბერს ეწვევა.