logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: ჩვენი ქვეყნის არასტაბილურობა აწყობს პუტინის რუსეთს - ვინ ცდილობს ქვეყნის არევას მთელი ეს წლები? - ეს ოპოზიცია! მგონი, გასაგებია, ვინ აკეთებს აქ სინამდვილეში რუსულ საქმეს!
- +

15 ნოემბერი. 2020. 00:35

 

 

არჩევნების გაყალბების საბაბით ქუჩაში გასული რადიკალური ოპოზიციის დიდი ნაწილი მზადაა, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდეს, თუმცა, ამ მზაობის დაფარვას ბოლო დღეების განმავლობაში ოსტატურად ცდილობდნენ - აქაოდა, ჩვენს ამომრჩეველს, რომელიც გვეუბნება, არჩევნები გაყალბდა და ჩვენი ხმები დაიცავითო - იმედი არ გავუცრუოთო... სინამდვილეში კი, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ საპარლამენტო მანდატის დათმობა მათთვის წარმოუდგენელია - ამდენი წელია, ხელისუფლებაში დაბრუნებას და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობენ და ახლა, როდესაც აქვთ შანსი, პარლამენტში იმაზე მეტად იყვნენ წარმოდგენილი, ვიდრე აქამდე იყვნენ - რომელი ნაცლიდერი გაუშვებს ამ შანსს ხელიდან? მეორე ტურამდე ნელ-ნელა „კარტები იხსნება“, ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა და საინტერესოა, რა მოცემულობას მივიღებთ...

 

 თემაზე სასაუბროდ „რეპორტიორი“ რეჟისორ გოგა ხაინდრავას დაუკავშირდა და მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. გთავაზობთ ამონარიდს აღნიშნული ინტერვიუდან:

 

„მე ჩვენი საზოგადოების იმედი მაქვს, ძალიან გაიზარდა ქართველი საზოგადოება ამ 30 წლის განმავლობაში. ჩვენი საზოგადოება ყველაფერს ხედავს და ყველაფერი ესმის. იმასაც - რუსულ საქმეს ვინ აკეთებს აქ რეალურად და ქართულსაც! მსოფლიოც ძალიან კარგად ხედავს! ევროპული და ამერიკული სტრატეგიული ინტერესების და პარტნიორების დასაყრდენი ერთადერთი მშვიდი ქვეყანა რეგიონში არის საქართველო. ცხრა წელიწადია ამ ქვეყნის ხელისუფლების სადავეებთან „ქართული ოცნებაა“ და როგორ ხდება ეს, თუ არა მათი ძალისხმევით? მაიკ პომპეოს ვიზიტი რომელ ქვეყნებში არის დაგეგმილი? იქ, სადაც აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორები ეგულებათ და ერთ-ერთი ამ ხუთ ქვეყანაში, არის საქართველო. და ეს ხდება ამერიკის ძალიან გამწვავებული არჩევნების  ფონზე. ესე იგი, წარმოიდგინეთ, რა მნიშვნელობას ანიჭებს შტატები საქართველოს! და რა არის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი პარტნიორებისა და კეთილმოსურნეებისთვის? - ქვეყნის სტაბილურობა! და ვის უნდა მუდამ საქართველოში არასტაბილურობა? - პუტინის რუსეთს! და ვინ უწყობს ამას ხელს  საქართველოში მთელი ეს წლებია?! ეს, ამ ქვეყნის ოპოზიცია! ყველაფერს აკეთებენ ზოგი ნებით, ზოგი უნებლიეთ, ზოგი ჭკუით, ზოგი უჭკუობით, ზოგი ბოროტებით, ზოგი ბოღმით, რომ ეს ქვეყანა აირიოს. ამ ყველაფერს ყველა ხედავს, აქაც და იქაც. მოუბრუნდებათ ძალიან ცუდად აუცილებლად. აგერ ვნახავთ, ყველანი შეფოფხდებიან პარლამენტში, ერთმანეთს დაასწრებენ სკამებზე დაჯდომას. კიდევ ვიმეორებ - დეგნანთან შეხვედრამდე დილით ისტერიკა ჰქონდათ ატეხილი ჯაფარიძეს, უდუმაშვილს, ელისაშვილს - ყველას, რა შეხვედრა, რის შეხვედრაო, არ გაგვიგია არაფერიო... მაგათში ყველაზე პრინციპული, საბჭოთა ჩეკისტი გრიგოლ ვაშაძე რომ გამოჩნდება, ვისთან გვაქვს საქმე, წარმოგიდგენიათ?

 

- ყველანი ვხვდებით, რომ ე.წ. ოპოზიცია პარლამენტში მაინც შევა, თან „ოცნების“ გუნდი აპირებს კანონპროექტის ინიცირებას იმის შესახებ, რომ თუკი პარლამენტარი თავის მოვალეობას არ ასრულებს, მაშინ ის არანაირი საპარლამენტო პრივილეგიით არ უნდა სარგებლობდეს... სამწუხარო რეალობა ასეთია: საბოლოოდ, მივიღებთ ასეთ სურათს - იმაზე მეტი ნაცი გვეყოლება მომავალ პარლამენტში, ვიდრე აქამდე გვყავდა და როგორ ფიქრობთ, ქართველი ხალხის სურვილი და დაკვეთა ეს იყო, რომ ასეთი პარლამენტი მივიღოთ ახლა?

 

- იცით, როგორი რამეა? რეალობას თვალებში უნდა ჩავხედოთ: 520 000 ადამიანმა მისცა მაგათ ხმა და ეგენიც ხომ საქართველოს მოქალაქეები არიან? ესენი არიან ის ადამიანები, ვინც ზოგი უტვინობით, ზოგმა ბოღმით, პათოლოგიით, ანგარებით თუ სექტანტობით - ხმას „ნაცმოძრაობას“ აძლევენ. ტრაგედიაა ეს? დიახ, ეს ნამდვილად ამ ქვეყნის ტრაგედიაა, მაგრამ ასეთი რამ მარტო ჩვენთან არ ხდება. ერთ თემას მინდა შევეხო, ესენი ხომ თვითაღიარების დიდოსტატები არიან ზოგადად, ენა არ უჩერდებათ პირში - ჯერ გაკეთებული არ აქვთ და უკვე ლაპარაკობენ, განსაკუთრებით ის ბაციკუკუ რომ ზის უცხოეთში. დავითგარეჯას თემაზე თანხაც კი დაასახელა, რამდენი მილიონი ჰქონდათ აღებული მის გაყიდვაში. იგივე ცესკო-ს შენობასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით - ღიად გვამცნო გეგმა, რაც დაუსახა ოპოზიციას, შეჭრილიყვნენ ცესკო-ში, ბიულეტენები მოეტაცათ და მოესპოთ, ისევე, როგორც მილოშევიჩს გაუკეთესო, რომ არჩევნების შედეგების დადასტურება შეუძლებელი ყოფილიყო, რაც ახლა მიმდინარეობს და მათ ცილისწამებას გაყალბების შესახებ აქარწყლებს როგორც ჩვენთან, ისე საერთაშორისო სარბიელზე. ეს ალეკო ელისაშვილმაც პირდაპირ აღიარა - პოლიციას ქვებს ესროდნენ აქციის მონაწილეები, მთვრალები მოვიდნენო, შევარდნა უნდოდათო... არჩევნებზე რომ რაღაც ცდომილებები, ხარვეზები იყო, არახალია - აბა, შეხედეთ, ამერიკაში რა ხდება? სინამდვილეში, არჩევნებზე  არამზადობები ხომ „ნაციონალური მოძრაობის“ მოგონილია, არა? მაგათ დავალება ჰქონდათ ყველა თავისი წარმომადგენლებისთვის მიცემული - ყველაფერი გაეკეთებინათ, რათა ბიულეტენები გაეფუჭებინათ. მე ის მადარდებს, ამდენმა ადამიანმა როგორ მისცა მაგათ ხმა?! არის ასეთი ფსიქიკური დარღვევა - „სტოკჰოლმის სინდრომი“, როცა მსხვერპლს თავისი მწამებელი უყვარდება. ეტყობა, ძალიან არის მოდებული ეს სინდრომი მათ მხარდამჭერებში.

 

მინდა, შეგახსენოთ: 11 500 მათი წარმომადგენელი იყო ამ არჩევნებზე, ანუ გამოდის, ყველა ესენი გამყალბებლები და სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან. გამოდის, რომ ნაცები თავისივე ხალხს დამნაშავეებად რაცხავენ და თუ მაგათ მოსაზრებას მივყვებით, ესე იგი 45 000 ადამიანია დასაჭერი, ასე გამოდის.

 

- საუბრის დასაწყისში ახსენეთ, რომ დღეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მდგომი ოპოზიციონერების ნაწილი წარსულში თქვენი თანამებრძოლი იყო, ზოგთან მეგობრობდით, ახლობლობდით... ეს ის ხალხია, ვინც თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმს უპირისპირდებოდა, დღეს კი ამ რეჟიმის შემოქმედების გვერდით დგას... საინტერესოა, რა ისეთი იდეოლოგიური გარდატეხა მოხდა მათ ტვინში, რომ ვინც მათ არბევდა და სცემდა, დღეს მათ გვერდით დადგნენ? იქნებ პოლიტიკური გემოვნება შეეცვალათ? ან „ვიღაცამ“ დიდი ფული გადაუხადა? თუ მართლა „სტოკჰოლმის სინდრომის“ გამოხატულებას ვხედავთ დღეს მათში?

 

- ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცოდვა, რომელიც ადამიანის ზნეს სპობს, არის ამპარტავნება, პატივმოყვარეობა. ეს ასე არ ჩაივლის, მაგათ კითხვებს დაუსვამენ და როგორ ახსნიან, ვნახავთ. ჩემი მხრიდან მათთან ლაპარაკს აზრი აღარ აქვს, რადგან ის, რაც დავინახე, აბსოლუტურად საკმარისია. ზოგს ალეკო ელისაშვილთან, ზოგს ბარამიძესთან, ბოკერიასთან, გვარამიასთან ურთიერთობას შეახსენებენ, ჩემთვის ყველაფერი ნათელია, მაგრამ თავისიანები ხომ ჰკითხავენ - იმასთან ერთად როგორ დგახარ? იმათ გვერდით როგორ დგახარ, ვინც ხალხს აწამებდა? ან ხელს როგორ ართმევ, ან ერთ მაგიდასთან როგორ სხდებით? როგორც გითხარით, ერთადერი, რაც მაგათ შეიძლება აერთიანებდეთ, ეს არის სიძულვილი და როცა ასეთი სიძულვილი და ბოღმა გიდევს გულში, როგორ გინდა ამ ქვეყანაზე იცხოვრო? მწამებელის გვერდით რომ დადგები...

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner