„სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის“ პირველი პილოტი საწარმო „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაა“.
ტექნიკური და ტექნოლოგიური აღჭურვილობით ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა სახელმწიფო კომპანიამ, 2018-19 წელი 30-მილიონ ლარიანი ფინანსური მოგებით დაასრულა.
მიმდინარე წელს საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერებასა და გაუმჯობესებას ისახავს, 90 მილიონი ევრო გამოიყოფა.
საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერების პროექტის ფარგლებში აშენდება 150 კმ-ზე მეტი ახალი გადამცემი ქსელი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ 2023 წლამდე ოფიციალურად რეაბილიტაციის პროცესშია. რეაბილიტაციის პროცესის დასრულების შემდეგ, საწარმოთა რეფორმის ფარგლებში, კომპანიაში ჩამოყალიბდება სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც ერთადერთი ორგანოა, რომელიც აქციონერი, ანუ სახელმწიფო 100 პროცენტიანი წილის მქონე კომპანიებში, მართვას ახორციელებს.
რეფორმირების ფარგლებში სსე-ში იგეგმება ლარში ნომინირებული ბონდების გამოშვება, რაც ჩვეულებრივი ფინანსური პროცესია, როდესაც კომპანია გადის IPO-ზე. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თავმჯდომარე უჩა უჩანეიშვილი გადაცემაში „ბიზნესი იმედზე“ გადადგმულ ნაბიჯს დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ რეფორმა მიმართულია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველობისა და ფინანსური მდგომარეობის კიდევ უფრო გაძლიერებისაკენ.