აღმოსავლეთ ჩინეთში, ქალაქ ძინანში იმპორტირებულ საქონლის ხორცზე და ხორცპროდუქტების შეფუთვებზე კორონავირუსი აღმოაჩინეს, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
პროდუქტები, რომელზეც ვირუსი აღმოჩნდა, ჩინეთში ბრაზილიიდან, ახალი ზელანდიიდან და ბოლივიიდანაა შეტანილი. ჯერჯერობით, არ ასახელებენ კომპანიებს, რომელთა ხორცპროდუქტებზე ვირუსი აღმოაჩინეს, თუმცა ცნობილია იმპორტიორი კომპანიები - Guotai International Group-ი და Shanghai Zhongli Development Trade-ი.
ტესტირება უკვე ჩაუტარდა 7,500-ზე მეტ ადამიანს, რომელთაც, შესაძლოა, კონტაქტი ჰქონოდათ დაბინძურებულ პროდუქტებთან, თუმცა, მათ ვირუსი არ დაუდგინდათ.
ჩინეთი მსოფლიოში საქონლის ხორცის ყველაზე მსხვილი შემსყიდველი ქვეყანაა, ხოლო ბრაზილია და არგენტინა მისი უმსხვილესი მომწოდებლები არიან.