logo_geo
eng_logo
თეა ფირცხალავა: ნიაზ დიასამიძე, კაცი-ზეიმი, კაცი - სიყვარულისა და მეგობრობის ეტალონი...
- +

15 ნოემბერი. 2020. 16:05

 

 

„მე თბილისის მოტრფიალე ვარ,

იმის სახეს გულში ჩავიკრავ,

თბილისის ლბილ მიწას ვენაცვალე,

უბერებელ მტკვარს გავცქერი კვლავ....“

 

ეს სიტყვები ეკუთვნის დედაქალაქზე უზომოდ შეყვარებულ პოეტს, ყველასთვის ცნობილ და მაინც უცნობ ნიაზ დიასამიძეს, კაცს ზეიმს, კაცს - სიყვარულისა და მეგობრობის ეტალონს, რომლის სახელი ყველა ქართველმა, განსაკუთრებით  თბილისელმა და კიდევ უფრო განსაკუთრებით - ყველა ვერელმა იცის და იგი ქართველობის, როგორც ასეთის, ერთ-ერთ სიმბოლოდ მიაჩნია...

 

მასზე არაერთხელ დავწერე და დღესაც გავიხსენებ:

„მე დავავიწყდები, შენ დაავიწყდები,

ის არ ავიწყდება თბილისს“...

 

ეს სიტყვები „ვერის უბნის“ მეხოტბემ, გიზო ნიშნიანიძემ თქვა ნიაზზე და ხელისგულზე გადაგვიშალა თბილისის ერთი უბნის ისტორია, მერე კი მისთვის დამახასიათებელი გულიანობით გაგვაცნო და შეგვაყვარა ქალაქის ნაღდი კოლორიტები, რომელთა სახელებსაც თითო-ოროლა კაცი თუ იცნობდა საქართველოში.

 

ყველაფერი კი ასე დაიწყო:

 

1928 წლის 15 ნოემბერს დაიბადა ქართულ ლეგენდად ქცეული ნიაზ სულეიმანის ძე დიასამიძე, მრავალმხრივი ნიჭით დახუნძლულ-მოსიარულე ქართველი კაცი, კაცი-ხელოვანი, რომლის თითოეულ ნაბიჯში და ნაკეთებ საქმეებში მხოლოდ სიყვარული იკითხებოდა, იქნებოდა ეს ფორტეპიანოზე დაკვრა თუ სიმღერა, არქიტექტურა, ძერწვა თუ ხატვა, ან ქუჩების „დალაშქვრა“ გამორჩეული, ხშირად საკუთარი ხელით შეკერილი სამოსითა და „სხვანაირი“ მიხვრა-მოხვრით, ან თუნდაც ისე, სასხვათაშორისოდ წამოსროლილი ხუმრობებით, რომლებიც კარგა ხანია დაფრთიანდნენ და ალალად დაფრენენ ქართულ ცაზე...

 

და, რაც მთავარია, დღეს დაიბადა კაცი-პოეტი, რომლის „მუხამბაზზეც“ დაიწერა გოგი ცაბაძის სიმღერა, რომელიც შეყვარებულს ამღერებს, ჩემსავით შვილწასულ დედას კი ცრემლების ზღვაში ახრჩობს:

 

„რა ვიღონო, რით ვუშველო იარებს?

ეგ თვალები სულ ჩემ თვალწინ ტრიალებს...

ცრემლის ნამი, რა ვქნა, მე არ მასველებს,

ლხინის დროსაც ეგ სახე არ მასვენებს...

სულის ვარდო, იცი, რა ფაქიზი ხარ?

თვალს ავახელ, ზედ წამწამზე მიზიხარ...“

 

42 წლის ნიაზ დიასამიძე გარდაიცვალა 1970 წელს... მისთვის თბილისი ღმერთის ტოლფასი იყო, ამიტომ, იმქვეყნიურ საქართველოში გადასვლამდე, ცოდვებიც თბილისის წინაშე მოინანია... გულწრფელად მოინანია... ღმერთი კი ყოველთვის უნდობს გულწრფელ ადამიანებს: 

 

„სულ არ მინდა ცხოვრების გზა ნაქარგი,

ფიროსმანის შესანდობარს ვსვამ.

ცოდვა თუ მაქვს ჩადენილი რამე,

მომიტევოს ჩემმა თბილისმა“.

 

ამ სტატუსს დავასრულებ „ნიაზ დიასამიძის ეპიტაფიით“, რომელიც ტარიელ ჭანტურიამ და(ა)წერა მისი საფლავის ქვაზე:

 

„შხამიანი გველის გამოცნობა ვიცოდი,

შხამიანი კაცის გამოცნობა – არა!

გამოვწურე სხეულს სულის ძელგი ღვინო,

და თბილისის მიწას ჩავაბარე ტარა“.

 

 

❤ ❤ ❤

ფოტოები მომაწოდეს ნუცა წულაძემ და ზეინაბ დიასამიძემ

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner