„ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრძნობლად შემცირებულია სიკვდილიანობის და ავადობის მაჩვენებელი ციხეებში, განსაკუთრებით თვითმკვლელობები, ასევე ტუბერკულიოზითა და ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევები; შემცირებულია პატიმართა რაოდენობა და სამატიმრო დაწესებულებების დატვირთვის მაჩვენებელი; პატიმრებს ხელი მიუწვდებათ ნორმალურ საცხოვრებელ პირობებზე"- „ლიბერალის" ინფორმაციით, ეს ძირითადი მიღწევებია ასახული ევროპის საბჭოს ესქსპერტების ავტორობით მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც პენიტენციარული ჯანდაცვის განვითარების 2014 -2017 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების შუალედურ ანგარიშს წარმოადგენს.
ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში" მხარდაჭერით მომზადებული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2014 წელს შეიქმნა და ისეთი სტრატეგიული მიმართულებებს მოიცავს როგორიცაა: სამედიცინო მომსახურების დივერსიფიკაცია, გადამდებ დაავადებათა პრევენცია, ჯანდაცვის გაუმჯობესება, სუიციდის პრევენცია, ადამიანური რესურსებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.
გასულ წელს ევროპის საბჭოს ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა, შუალედური შეფასება ჩაატარეს თუ რა პროგრესს მიაღწია საქართევლოს ხელისუფლებამ ამ სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის ძირითადი მიზნების შესრულების პროცესში.
სასჯელაღსრულების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავას თქმით, 2013 წლამდე ერთ-ერთ მნიშვნელოვანი გამოწვევა რაც პენიტენციალური სიტემის წინაშე იდგა იყოს პენიტენციალური ჯანდაცვა, თუმცა, ამ კუთხით აქტიური რეფორმების განხორციელება დაიწყო ევროკავშირთან და ევროსაბჭოსთან ერთად.
„დღეს ევროსაპჭოს ექსპერტებმა კონკრეტული ანგარიში წარმოადგინეს თუ რამდენად სწორად მიმდინარეობს პენიტენციალურ სისტემაში ჯანდაცვის რეფორმა. ამ მხრივ ანგარიშში პოზიტიური შედეგებია დაფიქსირებული. რაც გამოიხატება მაგალითად, სივდილიანობის მაჩვენებლის მკვეთრი შემცირებით. თუ 2011 წელს 140 ადამიანი გარდაიცვალა, 2012 წელს გარდაცვალების 12 შემთხვევა დაფიქსირდა. პოზიტიურად არის ასევე შეფასებული სუიციდის პრევენციის პროგრამა, გასულ წელს მხოლოდ ორი შემთხვევა გვქონდა, როცა წინა წლებში საკმაოდ მაღალი იყო თვითმკვლელობების რაოდენობა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია წარმატებით მიმდინარეობს C ჰეპატიტის პროგრამა, ასევე სიკვდილიანობას არ უკავშირდება ისეთი დაავადება, როგორიცაა ტუბერკულიოზი", - ამბობს მინისტრის მოადგილე.
ევროსაბჭოს ექსპერტებმა მიღწევებთან ერთად რეკომენდაციებზეც ისაუბრეს. მათი თქმით, უნდა გაუმჯობესდეს სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და ნოზოკომიური ინფექციების მართვის სისტემები. სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ პერმანენტულად ხორციელდებოდეს პენიტენციურ სისტემაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების შემოწმება.
ექსპერტები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია გააქტიურდეს ტრენინგი ძალადობის პრევენციის/სტამბოლის პროტოკოლის დანერგვის კუთხით სამედიცინო პერსონალისთვის და უზრუნველყოფილი იყოს ფოტო გადაღების ხელმისაწვდომობა ძალადობის ვიზუალური ნიშნების დოკუმენტირებისთვის.
ასევე სრულიად უნდა იყოს დაცული სამედიცინო ინფორმაციის კონფიდენციალობა. დაინერგოს ზიანის შემცირების დამატებითი ღონისძიებები წამალდამოკიდებული პირებისთვის, მათ შორის ქალებისთვის.
მაქსიმალურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს პირველადი სკრინინგული გამოკვლევები აივ-ინფექციაზე, ჰეპატიტებსა და სიფილისზე. გაუმჯობესდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებისთვის მათზე ზრუნვის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის სერვისებზე ხელმისაწვდომობა.