საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ილკა კანერვასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეუთო არის ის ორგანიზაცია, რომლის დახმარება საქართველოს ყოველთვის სჭირდებოდა ამ 25 წლის განმავლობაში და კიდევ დაგვჭირდება.
„საქმე ეხება ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფას, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების ამაღლებას. ყველა ამ საკითხში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია არის ერთ-ერთი ლიდერი საერთაშორისო ორგანიზაცია. ამიტომ მოხარული ვართ, რომ ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას ვმასპინძლობთ. ასეთი მასშტაბის პოლიტიკური ღონისძიება საქართველოში არ ჩატარებულა, რაც დამატებით მნიშვნელობას სძენს მას.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტებს განსახილველად 15 რეზოლუცია გადაეცა, მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით.
ყველა ამ საკითხზე უახლოესი დღეების განმავლობაში ძალიან საფუძვლიანი დისკუსია წარიმართება და საპარლამენტო ასამბლეა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ერთობლივი პრესკონფერენცია პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ილკა კანერვამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიის გახსნის წინ გამართეს.