მოქმედი პრეზიდენტის შტაბმა პენსილვანიის სასამართლოში შეტანილი სარჩელი შეცვალა და მისი ახალი რედაქცია წარადგინა
აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შტაბმა უარი თქვა იმ სასარჩელო მოთხოვნების ნაწილზე, რომლებიც პენსილვანიის შტატის სასამართლოში შეიტანეს არჩევნების შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით, იუწყება გაზეთი „Washington Post“.
გამოცემა წერს, რომ ტრამპის ადვოკატებმა სარჩელი ახალი რედაქციით წარმოადგინეს. კერძოდ, დოკუმენტიდან ამოიღეს ის ნაწილი, რომელშიც ლაპარაკი იყო საარჩევნო კომისიის მხრიდან რესპუბლიკელი დამკვირვებლებისთვის ხმების დათვლის პროცესზე დაკვირვებაში ხელის შეშლაზე. მანამდე დონალდ ტრამპის ადვოკატი რუდოლფ ჯულიანი აცხადებდა, რომ სწორედ ამის გამო უნდა ყოფილიყო ცნობილი ბათილად პენსილვანიის უდიდეს ქალაქებში — ფილადელფიასა და პიტსბურგში მიცემული 600 ათასი ხმა.
გაზეთის ცნობით, სარჩელის „შემოკლებულ“ ვერსიაში ნათქვამია, რომ „რესპუბლიკელები“ უკანონოდ აღმოჩნდნენ არახელსაყრელ მდგომარეობაში, ვინაიდან „დემოკრატების“ მომხრე ზოგ ოლქში ამომრჩევლებს ფოსტით გაგზავნილ ბიულეტენებში დაშვებული შეცდომების გასწორების უფლება მისცეს.