კახა კუჭავა ლევან ვარშალომიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც „ნაცმოძრაობის“ წევრმა არჩევნების მეორე ტურის მსვლელობისას უბნებზე სირცხვილის კორიდორების მოწყობისკენ მოუწოდა. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ოპოზიციას მოუწოდებს, ამომრჩევლის „ბულინგისგან“ თავი შეიკავონ.
„დროა, ისინი გადავიდნენ კონსტრუქციულ ქმედებებზე, პატივი სცენ ამომრჩეველთა ნებას და მაქსიმალურად თავი შეიკავონ ე.წ. ბულინგისგან იმ ამომრჩევლებზე, რომლებიც მათ არ უჭერენ მხარს და რომელთა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ მათთვისაც გასაკვირი იყო. ახლა ერთადერთი დარჩენიათ ისევ ქუჩის აქციებით გააგრძელონ ყველაფერი. ამიტომ, მე მოვუწოდებდი ყველას, ნუ იქნებიან მხოლოდ სიტყვებით ევროპელები და პროდასავლელები, იყვნენ თავიანთი ქმედებებითაც ასეთები“, - განაცხადა კუჭავამ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ, გუშინ განაცხადა: „21 ნოემბერს დავდგეთ ყველა საარჩევნო უბანზე და სირცხვილის კორიდორი გავაკეთოთ, ვნახოთ რამდენი ჰყავს „ქართულ ოცნებას" მხარდამჭერი“.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურის დღეს, საარჩევნო უბნებთან დაანონსებული ე.წ. „სირცხვილის კორიდორების“ მოწყობას არ გეგმავენ.