ამირან გამყრელიძის თქმით, კოვიდ-ინფიცირებულების სამკურნალოდ სხვადასხვა სივრცის მობილიზების საკითხი განიხილება, თუმცა, ამ ეტაპზე ამის საჭიროება ჯერჯერობით არ არის. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჯერ კიდევ 3 ათასამდე საწოლის მობილიზაცია შესაძლებელია. ამავე დროს, მიმდინარეობს განხილვა სხვადასხვა სივრცის მობილიზებაზე. რა თქმა უნდა, ეს საკითხები განიხილება, მაგრამ გადაწყვეტილება არა, იმიტომ რომ ჯერჯერობით კიდევ 3 ათასი საწოლის მობილიზება კოვიდისთვის შესაძლებელია ქვეყანაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტრიაჟს და მას იმედი აქვს, რომ ჰოსპიტალიზაციის 15-20%-იან მაჩვენებელზე შენარჩუნების შემთხვევაში, დამატებით სივრცეების მობილიზაცია საჭირო არ გახდება.
„თუ ჩვენ აი ამ პროცენტს დავიჭერთ, რაც გითხარით, 15-დან 20%-მდე ყველა ახალი ინფიცირებულის საავადმყოფოში ჰოსპიტალური მკურნალობისა აქტიურ შემთხვევებთან მიმართებაში, დიდი იმედი მაქვს, რომ დამატებითი სივრცეების მობილიზაცია ქვეყანას არ დასჭირდეს“, - განაცხადა გამყრელიძემ.