logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: უბნების გადათვლისა და ვიდეოთვალის მეშვეობით განხილვის შეთავაზებაზე ოპოზიციის წარმომადგენლების უარი მიუთითებს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა
- +

16 ნოემბერი. 2020. 17:58

 

 

„ქართული ოცნების“ წევრის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, მმართველმა გუნდმა ოპოზიციას შესთავაზა ყველა იმ უბნის გადათვლა, რომელთან დაკავშირებითაც დასაბუთებული პოზიცია არსებობს.

 

მისივე თქმით, ძალაში რჩება შეთავაზება, რომ ნებისმიერი უბანი იყოს განხილული ვიდეოთვალის მეშვეობით. ვოლსკის შეფასებით, ყველა ამ შეთავაზებაზე უარის თქმა მიუთითებს იმაზე, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. გიორგი ვოლსკი აღნიშნავს, რომ გარკვეულ გადაცდომებს, რომლებიც დაფიქსირდა, შედეგზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია.

 

„არჩილ თალაკვაძის მიერ პირველივე შეხვედრიდან გაცხადებული იყო, რომ მმართველი გუნდი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ფაქტს დაუშვებს და გადათვლის იმდენ უბანს, რამდენსაც კონკრეტული სადამკვირვებლო მისია მოითხოვს, სადაც კი რამე ეჭვი ან დასაბუთებული პოზიცია არსებობს იმ მყვირალა ბრტყელ-ბრტყელი ფრაზების გარდა. აგრეთვე, ძალაში რჩება შეთავაზება, რომ ნებისმიერი უბანი იყოს განხილული ვიდეო თვალის მეშვეობით.

 

ყველა ამ შეთავაზებაზე უარის თქმა მიუთითებს და ხაზს უსვამ იმაზე, რომ არჩევნების გაყალბებას ადგილი არ ჰქონია. გარკვეულ გადაცდომებს ადგილი ჰქონდა, რასაც არ შეიძლება, გავლენა ჰქონოდა შედეგებზე. ამას მოწმობენ საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების დასკვნები. მათ შორის სახელმწიფოების განცხადებები, პოლიტიკური განცხადებები, ასევე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის განცხადებები“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

რაც შეეხება კითხვას, ხელახალი არჩევნების მოთხოვნა მოლაპარაკებებს ჩიხში ხომ არ შეიყვანს, ვოლსკი პასუხობს, რომ არავითარი ჩიხი არ არსებობს.

 

„გამორიცხულია, მათ არ იცოდნენ, რომ არავითარი ჩიხი აქ არ არსებობს, ვინაიდან ეს საკითხი თავდაპირველად იყო დაყენებული და დღესაც შეგვიძლია, ამ საკითხს ნებისმიერ დროს დავუბრუნდეთ. როდესაც გადათვლაზე ვლაპარაკობთ, ჩვენი ოპოზიციისთვის, რომელსაც პრაქტიკულად არგუმენტი არ დარჩა, ეს ძალიან მტკივნეული ნაწილია.

 

რაც შეეხება გადაცდომებს სხვადასხვა ინტერპრეტაციით და სხვადასხვა ფორმულირებით, ამის თაობაზე გაცხადებულია სხვადასხვა მოხსენებაში. მაგრამ რეალურად რომ ავიღოთ ციფრი, რასთან გვაქვს საქმე, ეს საკმაოდ სერიოზული ინდიკატორია იმისა, რომ სახელმწიფოებმა და მათ შორის ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაასკვნეს, რომ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია.

 

გადაცდომებს ნამდვილად ჰქონდა ადგილი. მაგალითად, ბიულეტენების ის რაოდენობა, რომელმაც მეტობა ან ნაკლებობა შეადგინა, რომ გადავთვალოთ უბნების რაოდენობაზე, გამოვა, რომ თითო უბანში სამი ან ოთხი ასეთი გადაცდომა მოხდა. რაც შეეხება მეტობას, მხოლოდ ოთხ ათეულ ბიულეტენზეა საუბარი, რომელიც მიზერულზე უფრო ნაკლები ციფრია.

 

0,17 პროცენტი მთლიანი ამომრჩევლის რაოდენობიდან არის ის ხმები, რომლებიც შეადგენენ გარკვეულ ოქმებში დისბალანსის მიზეზს. დისბალანსი არ შეიძლება ჩაითვალოს თავად ოქმის გაყალბების ინდიკატორად“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner