საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არჩევნების მეორე ტურის დღისთვის ე.წ. სირცხვილის კორიდორის შესახებ „ძალიან თავხედური განცხადებები გაკეთდა“.
როგორც მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ალბათ, არავის ეგონა, რომ 2020 წელს შეიძლება მსგავსი რამ გაეკეთებინა რომელიმე პოლიტიკოსს.
„არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ე.წ. სირცხვილის კორიდორს, რომელთან დაკავშირებითაც გუშინ ძალიან თავხედური განცხადებები გაკეთდა. ძალიან კარგია, რომ ამ მიდგომას რამდენიმე წარმომადგენელი ოპოზიციის მხრიდან უკვე გაემიჯნა. თუმცა, ნათლად ჩანს, რომ ესაა განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი ლიდერის დამოკიდებულება საკუთარი ამომრჩევლის მიმართ. რამდენიმე მათგანმა გაბედა „სირცხვილის კორიდორის“, ამომრჩეველზე ამ სახის ზეწოლის დაანონსება მეორე საარჩევნო ტურის დღისთვის, რაც წარმოუდგენელია“, - განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, ბათუმში, გუშინ გამართულ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურის დღეს უბნებთან „სირცხვილის კორიდორი“ მოაწყონ.