„ვიდრე ვაქცინა და მედიკამენტი არ გვექნება, მოგვიწევს გამკლავება ძალიან მძიმე ზომების მიღებით“, - ამის შესახებ საბურთალოზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.
„სტატისტიკა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ მართლაც არ გვაქვს მარტივი მდგომარეობა, თუმცა საბედნიეროდ გვაქვს იმის რესურსი, რომ ამ გამოწვევას გავუმკლავდეთ.
რაც შეეხება იმას, მოსალოდნელი იყო თუ არა ეს, მოსალოდნელი იყო ოდნავ გვიან პერიოდში, თუმცა ამ ვირუსის ქცევას ვერ გავთვლიდით და ის, რაც მოხდა მთელ მსოფლიოში, ქვეყნების უმეტესობაში, საქართველოც ვერ გადაურჩა მათ რიგებში ჩადგომას, რაც არის ურთულესი გამოწვევაა არამარტო ჯანდაცვის სისტემისთვის, არამედ ქვეყნისათვის. პანდემია ეხება ყველაფერს, ჯანდაცვას, ეკონომიკას, სპორტს, ხელოვნებას“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
მისივე თქმით, მთლიანად მსოფლიოში კორონავირუსით ავადობის ზრდა ვირუსის თვისებების შეცვლით არის გამოწვეული.
„თუ ადრე ის ხანდაზმულებში ვრცელდებოდა, აგვისტოში ეს თვისება შეიცვალა და ვრცელდება ახალგაზრდებზე, რომლებიც საბედნიეროდ უფრო მარტივად უმკლავდებიან მას. ამიტომ, ჯამური ავადობა და სიკვდილობა პროცენტულად შემცირდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვირუსი ნაკლებად მავნებელი გახდა. ვიდრე ვაქცინა და მედიკამენტი არ გვექნება, მოგვიწევს გამკლავება ძალიან მძიმე ზომების მიღებით“, - აღნიშნა ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა.