„თუ ვინმემ უნდა გაიაროს სირცხვილის კორიდორში, ეს ჩვენი დესტრუქციული ოპონენტები არიან“ - ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი გიორგი ამილახვარი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ვარშალომიძის განცხადებას.
მისი თქმით, ამ ფორმით „ნაციონალური მოძრაობა“ ამომრჩეველზე ზეწოლას ცდილობს.
„ყოველგვარ ზღვარს გადასული ეს განცხადება არათუ უკანონოა, ამორალურიცაა, ისინი ამ ფორმით ცდილობენ ამომრჩეველზე ზეწოლას, რათა არ მივიდნენ 21 ნოემბერს არჩევნებზე. აქ ნიშანდობლივია ერთი საკითხი - ჩვენი დესტრუქციული ოპონენტები, რომლებიც ამას ქადაგებენ, თითქმის უმრავლესობას უკვე ჯიბეში უდევს საპარლამენტო მანდატი და ისინი ამით ცდილობენ მეორე ტურის არჩევნების მნიშვნელობის დაკნინებას. მაშინ როდესაც, ჩვენი კანდიდატები შედიან ობიექტურ, თავისუფალ, კონკურენტულ არჩევნებში, რათა გაიმარჯვონ დამაჯერებლად. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, შეწყვიტონ აღნიშნული მოქმედებები და მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩევლებს, ისევე როგორც 31 ოქტომბერს, 21 ნოემბერს მათ შეეძლებათ უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში მისცენ ხმა მათთვის სასურველ კანდიდატებს“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.