საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰოლანდიელ დეპუტატს, რომელიც საქართველოში არჩევნებზე ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობდა, „ეფესბეს“ აგენტს უწოდებს.
მისი განცხადებით, ტინი კოქსი რუსეთის კმაყოფაზე მყოფი დეპუტატია.
„ქართულ ოცნებას“ ბედმა გაუღიმა, რომ კოვიდი იყო, ევროპარლამენტმა დამკვირვებლები არ გამოაგზავნა, ჩამოვიდა პრაქტიკულად მარტო ევროსაბჭო და ეს რუსეთის აგენტი კოქსი. ძველი ჰოლანდიელი დეპუტატი, რომელიც ყველამ იცის, რომ რუსეთს ჰყავს კმაყოფაზე აყვანილი უკვე ორი ათწლეულია, ჩემი დროიდან, მე როცა ვიყავი ევროსაბჭოში. რაღა „ეფესბეს“ დაუწერია დასკვნა და რაღა კოქსს“, - განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ პირდაპირ ეთერში.
ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, დეპუტატი ტინი კოქსი, საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა.