საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები მთავრობის უმაღლეს პირებთან გაიმართება.
„დღეს ორდღიანი ვიზიტით საქართველოს ეწვევა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება უმაღლეს დონეზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საქართველოს პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. სახელმწიფო მდივანი ასევე შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსაც“, - განმარტა მახარობლიშვილმა.
მისივე თქმით, შეხვედრებისას, მხარეები განიხილავენ საქართველო-აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებულ სფეროებს, ისეთებს, როგორიცაა უსაფრთხოება და თავდაცვა, ეკონომიკური თანამშრომლობა და ვაჭრობა, ხალხთაშორისი კონტაქტები და განათლება და დემოკრატიული განვითარება, ჯანდაცვა.
„მხარეები ისაუბრებენ საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების სიტუაციასთან დაკავშირებით და ორ ქვეყანას შორის ამ კონტექსტში თანამშრომლობის განმტკიცების და განვითარების შესაძლებლობებსა და მიმართულებებზე.
ვიზიტის ფარგლებში ქართულ მხარეს შესაძლებლობა მიეცემა ბატონ პომპეოს მივაწოდოთ ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ სიტუაციასთან დაკავშირებით.
სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტი, რა თქმა უნდა, ხაზს უსვამს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და მის სიმტკიცეს. ეს ვიზიტი ასევე ხაზს უსვამს აშშ-ის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, ისევ როგორც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას“, - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
ვახტანგ მახარობლიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა დაგეგმილი ვიზიტის პანდემიის პირობებში განხორციელების მნიშვნელობასაც.
„ნიშანდობლივია, რომ ვიზიტი ხორციელდება გლობალური პანდემიის პირობებში. საქართველო მადლიერია იმ მხარდაჭერის, რომელიც შეერთებულმა შტატებმა გასწია და უწევს ჩვენს ქვეყანას პანდემიის დაძლევის და გამკლავების პროცესში. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყველა დაგეგმილი ღონისძიება ვიზიტის ფარგლებში ხორციელდება პანდემიით გათვალისწინებული უსაფრთხოების შესაბამისი პროტოკოლის დაცვით“, - განაცხადა მახარობლიშვილმა.