3 ნოემბრის არჩევნების შედეგები ოფიციალურად ჯერ ისევ არ არის ცნობილი. მანამ, სანამ ამერიკა პრეზიდენტს აირჩევს, „ამერიკის ხმა“ გთავაზობთ ექსპერტის, ობამას ადმინისტრაციის თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის ეველინ ფარსკასის მოსაზრებას იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს ბაიდენის სავარაუდო, ადმინისტრაციის პოლიტიკა რუსეთის, NATO-ს და საქართველოს მიმართ.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ფიქრობს, რამდენად ჩართული იქნება მომავალი ადმინისტრაცია საქართველოსთან, ეველინ ფარსკასი პასუხობს:
„ვფიქრობ, ჩართულობა იქნება იმავე დონეზე, როგორც ეს ობამას ადმინისტრაციის დროს იყო. საქართველოში სიტუაცია ძალიან დაძაბულია - ისევე როგორც ეს ამერიკაშია ახლა. მიმდინარეობს ძალიან რთული პოლიტიკური ბრძოლა. ვფიქრობ, ამერიკა გააგრძელებს საქართველოს დახმარებას იმაში, რომ ის მოქნილ, მტკიცე დემოკრატიად ჩამოყალიბდეს, რადგან ეს ქართველი ხალხის სურვილია. ასევე ვფიქრობ, გავაგრძელებთ საქართველოს დახმარებას NATO-ს წევრობისთვის მოსამზადებლად. თუმცა, NATO-ში გაწევრიანებას, ამასთან ერთად, ქართველების მხრიდან ერთგვარი შემოქმედებითი მიდგომა და მძიმე შრომაც დასჭირდება“, - განაცხადა ეველინ ფარსკასმა.
ჟურნალისტის შეკითხვას, იქნება თუ არა რაიმე მოლოდინი არჩეული პრეზიდენტი ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოს მიმართ? რა იქნება მათი ხედვა იმაზე, თუ როგორი პარტნიორი უნდა ან შეიძლება იყოს საქართველო შეერთებული შტატებისთვის, ექსპერტი პასუხობს:
„ვფიქრობ, NATO-სთან დაკავშირებით, საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს არსებული კრიტერიუმები. ამავდროულად კი, NATO-მ უნდა გადაწყვიტოს, მისცემს თუ არა რუსეთის მთავრობას ვეტოს [უფლებას] ქართველი ხალხის გადაწყვეტილებაზე, თუ რომელ ალიანსს დაუკავშიროს საკუთარი ქვეყანა“, - განახადა ეველინ ფარსკასმა.
ია მეურმიშვილი