„გადაწყვეტილება, რომელსაც ოპონენტები აჟღერებენ, არის ჩვენი მოქალაქეებისა და ამომრჩევლების უპატივცემულობა, მეორე მხრივ, ნათლად ჩანს ის კონკრეტული, პრაგმატული მიზეზი, რის გამოც ოპოზიცია უარს აცხადებს მეორე ტურში მონაწილეობაზე“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.
„დღეს ზუგდიდში გვაქვს არსებითი სხვაობა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატსა და უახლოეს მდევარს შორის, შესაბამისად ოპოზიციამ იცის, რომ ეს ბრძოლა განწირულია წაგებისთვის. როდესაც ოპოზიცია ხედავს, რომ მათ არ აქვთ მოქალაქეების ნახევარზე მეტის მხარდაჭერა, შესაბამისად, არც მონაწილეობენ არჩევნებში“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისი თქმით, როდესაც პოლიტიკოსები (ოპოზიცია) ხალხს მოუწოდებენ, რომ დაუპირისპირდნენ მათ თანამოქალაქეებს, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული აქტი.
„ეს არის მავნებლობა. რაც არ უნდა ხერხი მოიგონონ, რაც არ უნდა პროვოკაცია შემოგვთავაზონ, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის არჩევანი არის თანმიმდევრული - მშვიდობიანი განვითარება, რომლის გზასაც ჩვენ ვდგავართ“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ვარშალომიძემ განაცხადა: „21 ნოემბერს დავდგეთ ყველა საარჩევნო უბანზე და სირცხვილის კორიდორი გავაკეთოთ, ვნახოთ რამდენი ჰყავს „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერი“.