logo_geo
eng_logo
თეა ფირცხალავა: დღეს დიდი ქართველი პოეტის დაბადების დღეა
- +

17 ნოემბერი. 2020. 15:41

 

 

დღეს ძალიან დიდი ქართველი პოეტის დაბადების დღეა.

 

1891 წლის 17 ნოემბერს სოფელ ჭყვიშში დაიბადა ქართული პოეზიის მთავარსარდალი და სიცოცხლეშივე პოეტთა მეფედ აღიარებული გალაკტიონ I.

 

დღეს კიდევ ერთხელ გადავხსნი ჩემი მამამთილის საარქივო ზარდახშას და ერთ უნიკალურ ფოტოსა და მოგონებას შემოგთავაზებთ, რომელიც გალაკტიონის ყბადაღებულ პალტოს და ჩემი მეუღლის ბაბუის შეხვედრას უკავშირდება... ვისაც ვახტანგ ჯავახაძის „უცნობი“ წაუკითხავს უმალ მიხვდება, რატომ გავაკეთე აქცენტი პალტოზე, რადგან ხსენებულ წიგნში სიტყვა „პალტო“ დაახლოებით 100-ჯერ მაინც არის ნახსენები, თანაც თითქმის ერთსა და იმავე კონტექსტში, რაც ამ სამოსს ერთგვარ სიმბოლურობასაც სძენს... ისე, ვინმე რომ მოინდომებდეს, წიგნი თუ არა, ერთი კარგი ბროშურა მაინც დაიწერებოდა „მარადიულად“ უპალტოო პოეტთა მეფეთ-მეფისა და პალტოს საოცარ „ურთიერთობაზე“.

 

მოკლედ, დღეს გიამბობთ ერთ ამბავს, რომელსაც ხშირად და დიდი სიამაყით იხსენებდა ხოლმე ჩემი მამამთილი ირაკლი ჭუმბურიძე, რომელიც კარგად იცნობდა გალაკტიონს და მოასწრო და ეს მოგონება ჩემი ირაკლისადმი მიძღვნილ წიგნშიც შეიტანა.

 

ცნობილი ფაქტია, რომ გალაკტიონს ძალიან უყვარდა საზოგადოებასთან, კერძოდ კი მკითხველებთან შეხვედრა და არასოდეს ამბობდა უარს, დასწრებოდა მისი პოეზიისადმი მიძღვნილ ლიტერატურულ საღამოებს. ჩემი ამბავიც ამ თემას უკავშირდება.

 

1932 წელს თეიმურაზ ჭუმბურიძე, ვის სახელსაც ჩემი მეუღლე მურაზ ჭუმბურიძე ატარებს, იყო ქუთაისის განათლების განყოფილების გამგე და იმ დროს მის დაქვემდებარებაში შედიოდა ქუთაისის მწერალთა კავშირიც. ჰოდა, იმ წლის იანვარში ბატონმა თეიმურაზმა მიიღო ელვა-დეპეშა, რომ გამთენიისას, ბათუმის მატარებლით, ქუთაისში ჩავიდოდა გალაკტიონ ტაბიძე, რომელიც საღამოს ქუთაისის ინტელიგენციას შეხვდებოდა. ვინაიდან ქუთაისის მწერალთა კავშირის მაშინდელი თავმჯდომარე ბატონი დია ჩიანელი (რეზო ჩხეიძის მამა) იმ პერიოდში ქუთაისში არ იმყოფებოდა, თეიმურაზ ჭუმბურიძეს თავისი მოადგილისთვის, მწერალ მამია ასათიანისთვის დაუვალებია პოეტთან შეხვედრის ორგანიზება. იანვრის იმ სუსხიან დილას ბატონი მამია სადგურ რიონში დახვედრია საპატიო სტუმარს და... იმ ყინვაში გალაკტიონი კოსტუმში გამოწყობილი ჩასულა ბაქანზე, თან ღიმილით უთქვამს, პალტო მატარებელში მომპარესო.

 

პალტოს გარეშე დარჩენილი გალაკტიონი სასწრაფოდ წაუყვანიათ პირველი კატეგორიის სასტუმრო „ორიანტში“, რომელიც 1891 წელს აზნაურ დუტუ ნინუას შეუძენია და მოუწყვია, 1922 წლიდან კი ქალაქის ხელისუფლების ხელში გადასულა. გალაკტიონი სასტუმროში დაუბინავებიათ და პალტოს ამბავი სასწრაფოდ მოუხსენებიათ თეიმურაზ ჭუმბურიძისთვის. მას მაშინვე გაუგზავნია ხალხი ქუთაისის მაუდის ფაბრიკაში და შესაფერისი ქსოვილის შეძენისთანავე პალტოს შეკერვა პირადად უთხოვია სახელგანთქმული ქუთაისელი მკერავისთვის ალექსი ვასაძისთვის (მსახიობ აკაკი ვასაძის მამისთვის). დიდოსტატ თერძს საღამოს დადგომამდე შეუკერავს საუცხოო პალტო, რომელიც გალაკტიონისთვის მიურთმევიათ. ინტელიგენციასთან შეხვედრაზე გახარებულ გალაკტიონს უდიდესი მადლობა გადაუხდია ქუთაისლებისთვის და განსაკუთრებული სამადლობელი სიტყვით მიუმართავს თეიმურაზ ჭუმბურიძისთვის, არ ვიცი, რითი გადავიხადო ასეთი ყურადღება, ალბათ ერთი ლექსი ამაზედაც უნდა დაიწეროსო... ქუთაისის ინტელიგენციას ღირსეული საღამო გაუმართავს გალაკტიონისთვის, რის შემდეგაც დიდი პოეტი ჭუმბურიძეების ოჯახსაც სწვევია.

 

დღეს წარმოგიდგენთ გალაკტიონის აქამდე უცნობ ერთ ფოტოს, რომელიც 1958 წლის 6 მარტსაა გადაღებული თბილისში. მასზე აღბეჭდილი არიან ჩემი მამამთილის მეგობრები: ფილოლოგი ნინო ჩიხლაძე, პოეტი-აკადემიკოსი გალაკტიონ ტაბიძე, იურისტი და ჟურნალისტი ილია ჟორდანია და იურისტი ქეთევან ჭირაქაძე. ეს ფოტო განსაკუთრებით ძვირფასია ჩემთვის, რადგან იგი ბატონმა ილია ჟორდანიამ ჩემი ირაკლის დაბადების (1983) წელს უსახსოვრა ჩემს მეუღლეს. ფოტოზე გაკეთებულია საოცრად გულის ამაჩუყებელი წარწერა, რომელსაც მანდვე ამოიკითხავთ.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner