„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი თეა წულუკიანი, „ნაცმოძრაობის“ მიერ არჩევნების მეორე ტურის დღეს „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობის ინიციატივას დღეს გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა.
„სამარცხვინო აზრია, რომ საკუთარ ხალხს მოუწყო „სირცხვილის კორიდორი“ იმისთვის, რომ შენ არ გაძლევს ხმას“, - განაცხადა წულუკიანმა.
წულუკიანის განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ ამ ინიციატივის შემდეგ ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს გაემიჯნენ.
„ამის შემდეგ „ნაცმოძრაობაში“ განაცხადეს, რომ კონკრეტულ თანამდებობის პირებს მოუწყობენ ამ აქციას. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მსგავსი შეურაცხმყოფელი ქმედებები მათი მხრიდან ჩვენთვის უკვე ბანალობად იქცა“,- აღნიშნა წულუკიანმა.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ გამწარებულია, რადგან ვერ ბრუნდება ხელისუფლებაში.
„მათ ჰქონდათ დალაგებული, რომ მთავრობაში მოვიდოდნენ, მაგრამ დაავიწყდათ მთავარი, რომ ხალხია ხელისუფლების წყარო. ხალხმა თქვა, რომ „ქართული ოცნება“ არის გამარჯვებული პარტია და მას აქვს 40%-ზე ბევრად მეტი და საკმარისი ხმები მთავრობის შესადგენად. ამიტომ ის ილუზია, რომ ისინი ბრუნდებიან ხელისუფლებაში - დარჩა ილუზიად“, - განაცხადა წულუკიანმა.