logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: როგორც არ უნდა შეფუთონ, სურათი მკაფიოა - ოპოზიცია მიტინგს უწყობს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მაღალი თანამდებობის პირს
- +

17 ნოემბერი. 2020. 18:08

 

 

„როგორც არ უნდა შეფუთონ, ოპოზიციის სურათი მკაფიოა, რისი შექმნაც სურთ. ისინი მიტინგს უწყობენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ერთ-ერთ ყველაზე მაღალი თანამდებობის პირს და ყველაზე მაღალი თანამდებობის პირს საგარეო ურთიერთობების საკითხებში, ეს არის მესიჯი“, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრი, სამგორის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოზარ სუბარი გაერთიანებული ოპოზიციის მიერ 18 ნოემბერს დაგემილ აქციას, რომელიც თბილისში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად გაიმართება.

 

როგორც სოზარ სუბარმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, „როგორც არ უნდა გააშალაშინონ და ასწორონ მათი აქცია, ეს არ სწორდება“.

 

„ისევე, როგორც „სირცხვილის დერეფნებზე“ დაიწყეს საუბარი და მერე უკან დახევა და გაშალაშინება მოუწით. ასევე, მოუწიათ იმის თქმა, რომ მოქალაქეებს არ ვუწყობთ „სირცხვილის კორიოდორს“, უი, ბოდიში, ასე არ გვინდოდა გვეთქვა, რადგან „სირცხვილის კორიდორს“ ვუწყობთ იქ ვინმე თანამდებობის პირი თუ მოვა და ა.შ. რაღაც ასეთი სისულელეების ბოდვაზე გადავიდნენ, მაგრამ ვერ გააშალაშინეს. იგივეა ამ ვითარებასთან დაკავშირებით. მკაფიოდ ჩანს, ვინ არის პრორუსი. პრორუსი არის ის, ვინც აკეთებს რუსეთის საქმეს, ოკუპანტის მხარდამჭერია ის, ვინც აკეთებს ოკუპანტის საქმეს და ოკუპანტის საქმეს აკეთებს ის, ვინც ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს აქციით, პროტესტით, მდუმარებით ხვდება და ეს ხელგაშლით, თუ ხელჩაჭიდებით მნიშვნელობა არ აქვს. სხვათა შორის, მსგავსების გავლებაც კარგი იქნება, როდესაც ასეთი ჯაჭვით ვაპროტესტებდით 2008 წლის შემდეგ რუსეთის ოკუპაციას. ახლა, საინტერესოა, ნეტავ რას აპროტესტებენ?!“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

შეგახსენებთ, რომ 18 ნოემბერს, 11:00 საათზე, ოპოზიცია თბილისში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად აქციას მართავს. როგორც ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, აღნიშნული აქცია მაიკ პომპეოს ვიზიტის წინააღმდეგ არ იმართება. მათი თქმით, უმაღლესი რანგის პოლიტიკოსისა და საერთაშორისო საზოგადოებას ამ აქციით სურთ გააგებინონ, რომ საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner