„ლოგიკური დაცვის დაჭერა ძალიან ძნელია ადამიანებში, რომელთაც რა აკავშირებთ, იმაშიც ძალიან ძნელია დაიჭირო რაიმე ლოგიკა. მე ვფიქრობ, ეს უკვე ზედაპირზეც დევს. არავისში უკვე ეჭვს არ იწვევს ის, რომ ეს ადამიანები აბსოლუტურად ხელოვნურად, ხელოვნური მიზნისთვის, მათთვის ჩვეული მოდელირებული გაყალბებისთვის არიან ახლა შეკავშირებულნი“, - ამის შესახებ „დღის ქრონიკის“ ეთერში ბექა ოდიშარიამ განაცხადა. მთაწმინდა-კრწანისში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, მმართველი გუნდისთვის თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ოპოზიცია გადატრიალებისთვის ემზადებოდა.
„მათ თავიდანვე ჰქონდათ განზრახული სახელმწიფო გადატრიალება. ძალიან გამიჭირდება რევოლუციური სცენარის დარქმევა ამისთვის, იმიტომ რომ ეს არის ტიპიური სახელმწიფო გადატრიალება, როდესაც არ ელოდები მსაჯის სასტვენს და უკვე იწყებ საუბარს გაყალბებაზე, უკვე იწყებ გაუგებარ პროცესებს“, - განაცხადა ოდიშარიამ.
მისი თქმით, ამაზე ისიც მიუთითებს, რომ ოპოზიციამ უარი განაცხადა მმართველი გუნდის შეთავაზებაზე საარჩევნო უბნებზე ჩაწერილი ვიდეომასალის გახსნაზე.