logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: უვიზო მიმოსვლა იქნება ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულება და უდიდესი სტიმული
- +

1 ივლისი. 2016. 17:10



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დღეს, 1 ივლისს, ძალაში სრულად შედის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რის წყალობითაც დგება თვისებრივად ახალი ეპოქა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში, ეს ჩემი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.



ევროპული ოჯახის წევრობა ქართველი ხალხის გააზრებული არჩევანია, რადგანაც ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ სწორედ ეს არის ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის, უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საუკეთესო გზა. მინდა გითხრათ, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ამ ეტაპზე ევროკავშირთან ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. მოლოდინები საქართველოში ძალიან დიდია. უვიზო მიმოსვლა იქნება ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულება და უდიდესი სტიმული ჩვენი - ზოგჯერ მტკივნეული - ევროპული ტრანსფორმაციის გზაზე", - განაცხადა პრემიერმა.



მთავრობის მეთაურის თქმით, ერთი მხრივ, მოსახლეობა დაინახავს, რომ ევროპულ არჩევანს ხელშესახები სარგებელი მოაქვს. მეორე მხრივ კი, დაუბრკოლებელი კავშირები  საზოგადოებებს შორის დიდ წვლილს შეიტანს ევროპული ღირებულებებისა და იდეების გაზიარებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.



სწორედ ამიტომ, გამოვთქვამთ იმედს, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი უახლოეს მომავალში წარმატებით დასრულდება. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია გვაძლევს სტიმულს, მივაღწიოთ ქვეყნის მოდერნიზაციას და შეუქცევადი გავხადოთ დემოკრატიული განვითარების პროცესი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner