ბრიტანულმა ორგანიზაციამ Legatum Institute ყოველწლიური ანგარიშის „კეთილდღეობის ინდექსი 2020“ (Prosperity Index) ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. ანგარიშში წარმოდგენილია მსოფლიოს 167 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, კეთილდღეობის ინდექსი, რომელიც მოიცავს ქვეყანაში პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და გარემოს დაცვის სფეროების შეფასებას.
2020 წლის ინდექსში საქართველომ 53-ე ადგილი დაიკავა და ანგარიშის მიხედვით, მაღალი შეფასება დაიმსახურა საინვესტიციო და ბიზნესსაქმიანობისთვის არსებული ძლიერი გარემოს გათვალისწინებით. ანგარიში ასევე ხაზს უსვამს უკანასკნელი ათწლეულის ფარგლებში საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს (2009 წელთან შედარებით 11 პოზიციით გაუმჯობესებული რეიტინგი), რომელიც განსაკუთრებულად წარმოჩენილია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.
ანგარიშის პრეზენტაციას საგანგებო სტუმრის სტატუსით დაესწრო საქართველოს ელჩი სოფიო ქაცარავა, რომელიც მიესალმა ინსტიტუტის მიერ საქართველოს პროგრესის შეფასებას და თავის ვიდეო მიმართვაში ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებზე, რომლებმაც კეთილდღეობის ინდექსის გაუმჯობესება განაპირობა.
„ათი წლის წინ, საქართველო, ისეთი გამოწვევების წინაშე იდგა, როგორიცაა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომი და 2009 წელს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. დღეს კი საქართველო აღიარებულია სტაბილურ, უსაფრთხო ქვეყნად, რაც თავისთავად წინაპირობაა განვითარებისა და პროგრესისთვის. დღეს საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს ერთდროულად ევროკავშირთან და ჩინეთთან. ბრიტანეთთან 2021 წლის იანვრიდან ამოქმედდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას შეგვიქმნის სავაჭრო კავშირების გასაძლიერებლად. ჩვენ მსოფლიოში აღიარებული ვართ როგორც ლიბერალური ეკონომიკისა და თავისუფალი ვაჭრობის ერთგული ქვეყნის წარმატებული მაგალითი და ეს აღიარება რეგიონალურ მასშტაბს სცდება. განსაკუთრებულად მივესალმებით ლეგატუმის ინსტიტუტის მიერ 2020 წლის კეთილდღეობის ინდექსში გასული წლების განმავლობაში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის აღიარებას და მთავრობის მიერ ჩატარებული რეფორმების შეფასებას დემოკრატიის კონსოლიდაციის, თანამედროვე ეკონომიკური და საინვესტიციო გარემოს შექმნისა და დასავლეთის ღირებულებებისადმი სწრაფვის გათვალისწინებით“, - განაცხადა ელჩმა.
Prosperity Index 2020 ანგარიშში აღნიშნულია, რომ „საქართველო - გამოწვევებთან გამკლავების ერთ-ერთი დამაჯერებელი მაგალითია. გასული ორი ათწლეულის განმავლობაში ქვეყანაში უკიდურესი სიღარიბის დონე თითქმის სამი მეოთხედით შემცირდა, ხოლო სიცოცხლის ხანგრძლივობის დონე გაიზარდა დაახლოებით 6%-ით; რეალური შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე თითქმის გასამმაგდა. ეს ტრანსფორმაცია ქვეყნის ეკონომიკის თანმიმდევრული და ფრთხილი მმართველობის შედეგია, რომელმაც 2010 წლის შემდეგ, ყოველწლიურად მშპ-ის თითქმის 5%-იანი ზრდა უზრუნველყო, ხოლო ქვეყანამ ადგილი დაიმკვიდრა ღია ეკონომიკის ინდექსის პირველ ათეულში, რადგან საქართველოს პროგრესი ღია ეკონომიკის ბევრ პრინციპს ეყრდნობა.