ამერიკელი დიპლომატი კურტ ვოლკერი, საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტს ეხმაურება. უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის და NATO-ში ყოფილი წარმომადგენლის სტატია სახელწოდებით „კავკასიური ვეფხვის გაზრდა“ „ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ (CEPA) ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სტატიაში რეგიონში არსებული ვითარების გარდა საუბარი საქართველოს შიდაპოლიტიკურ მდგომარეობაზეც არის. კერძოდ, ვოლკერი იმის შესახებ წერს, რომ ოპოზიცია საპარალამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. დიპლომატი იმ თემაზე საუბრობს თუ რისი გაკეთება შეუძლია ვითარების განსამუხტად პომპეოს.
„სავარაუდოდ „გაერთიანებული“ ოპოზიცია რეალურად, დაყოფილია იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოექცნენ ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს, რომლის პოლიტიკურმა პარტიამ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ„ არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა. აქ სახელმწიფო მდივნის, პომპეოს სამუშაო განსაკუთრებით რთული იქნება. მან კანონის უზენაესობა ყველა მხრიდან უნდა დაიცვას, ანუ დაჟინებით მოითხოვოს თაღლითობის ბრალდებების გამოძიება და საჭიროების შემთხვევაში, გამოსწორებისთვის ზომების მიღება. ამავე დროს, მან ხაზი უნდა გაუსვას იმას, რომ დემოკრატია მოითხოვს როგორც მთავრობას, ასევე ძლიერ პოლიტიკურ ოპოზიციას. არჩევნების შედეგების გამოკვლევასა და შემოწმების შემდეგ გამარჯვებულებმა მთავრობა უნდა ჩამოაყალიბონ, დამარცხებულები კი პარლამენტში ოპოზიციად შევიდნენ და ყველა მხარემ დემოკრატიული პროცესი უნდა გააგრძელოს. სამართლებრივი დაცვის საშუალებები კი სამართლებრივი დემოკრატიული საშუალებებით უნდა განხორციელდეს“, - მიიჩნევს დიპლომატი.