logo_geo
eng_logo
ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის მთავრობის სამოქმედო გეგმა წარადგინა
- +

18 ნოემბერი. 2020. 14:40

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, ქვეყანაში გამწვავებული შიდაპოლიტიკური ვითარების ფონზე მთავრობის 2021 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა.

 

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, არსებული სიტუაციის გამო ის თავს მთავარ პასუხისმგებელ პირად თვლის, ისევე, როგორც საკუთარ პასუხისმგებლობად მიიჩნევს, გადალახოს არსებული სიტუაცია და ქვეყანაში სტაბილურობა და უსაფრთხოება დაამყაროს.

 

სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ყარაბაღის საკითხზე მოლაპარაკებების პროცესის აღდგენას ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ფორმატში მთიანი ყარაბაღის სტატუსზე აქცენტის გაკეთებით, ასევე ყარაბაღის მცხოვრებლების თავიანთ სახლებში დაბრუნებას და მთიანი ყარაბაღის ხელისუფლების კონტროლქვეშ არსებულ ტერიტორიებზე მდებარე დაზიანებული სახლებისა და ინფრასტრუქტურის აღდგენას.

 

გეგმა ასევე ითვალისწინებს სამხედრო რეფორმების პროგრამის დამტკიცებას და აღნიშნული რეფორმების დაწყებას, კორონავირუსის პანდემიის გადალახვასა და მისი შედეგების აღმოფხვრას, ეკონომიკური საქმიანობის გარემოს აღდგენას, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას, სპეციალიზებული მოსამართლეების ინსტიტუტის დანერგვას, რაც, გეგმის თანახმად, ანტიკორუფციული სასამართლოს დაფუძნებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი უნდა გახდეს.

 

ამასთან, ფაშინიანის მიერ წარდგენილი სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს მუდმივი თემატური კონსულტაციების გამართვას სომხეთის პოლიტიკური და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

 

ნიკოლ ფაშინიანის განმარტებით, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროგრამების რეალიზაციას 6 თვე დასჭირდება. 2021 წლის ივნისში კი ის მოხსენებას წარადგენს და მომავალი მოქმედებების შესახებ გადაწყვეტილების მიღება საზოგადოებრივი აზრისა და რეაქციის გათვალისწინებით მოხდება.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner