logo_geo
eng_logo
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოპოზიციას: მხარდამჭერებმა იმისთვის აგირჩიეს, რომ შეხვიდეთ პარლამენტში და განახორციელოთ ცვლილებები
- +

18 ნოემბერი. 2020. 15:44

 

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ოპოზიციის ბრძოლას პარლამენტის შიგნიდან ცვლილებებისთვის და არა კვლავ ბოიკოტს. შეიძლება ითქვას, რომ ქუჩაში გასვლა და ბოიკოტი მათი რეფლექსია. მოვუწოდებთ მათ, იბრძოლონ ცვლილებებისთვის პარლამენტის შიგნიდან - თქვენ აგირჩიეს მხარდამჭერებმა იმისთვის, რომ შეხვიდეთ პარლამენტში და განახორციელოთ ცვლილებები“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს საკითხზე გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს.

 

კერძოდ, მათ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდეს, ცვლილებებისთვის პარლამენტიდან იბრძოლონ და საარჩევნო დარღვევები კანონიერი გზებით გააპროტესტონ.

 

„ევროკავშირის ელჩთან ერთად ყველა პარტიასთან შეხვედრებს ვუმასპინძლეთ, მათ შორის რამდენიმე შეხვედრას, რომელშიც ყველა პარტია ერთად მონაწილეობდა, რამდენად შესაძლებელია მოლაპარაკების გზით გამოსავლის მოძებნა ჩიხიდან, ვინაიდან ჩვენ მხარს ვუჭერთ ოპოზიციის ბრძოლას პარლამენტის შიგნიდან ცვლილებებისთვის და არა კვლავ ბოიკოტს. შეიძლება ითქვას, რომ ქუჩაში გასვლა და ბოიკოტი მათი რეფლექსია. მოვუწოდებთ მათ, იბრძოლონ ცვლილებებისთვის პარლამენტის შიგნიდან - თქვენ აგირჩიეს მხარდამჭერებმა იმისთვის, რომ შეხვიდეთ პარლამენტში და განახორციელოთ ცვლილებები“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

 

საუბარი ბრიფინგზე ასევე 31 ოქტომბრის არჩევნების შეფასებასაც შეეხო.

 

„ბევრმა, ისევე როგორც ეუთომ, შეაფასა, რომ არჩევნები კონკურენტული იყო, უკეთესიც კი, რაღაც კუთხით - ნაკლები სიძულვილის ენა, ნაკლები აგრესიული ტაქტიკა წინასაარჩევნოდ, რაც წინა წლებში გვხვდებოდა. დაცული იყო ფუნდამენტური უფლებები, გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ასევე დაფიქსირდა დარღვევები, როგორიცაა ხმების მოსყიდვა და ამომრჩევლებზე ზეწოლა, რაც საქართველოს არჩევნებს თან სდევს 30 წელია. ეს ჩვენმა გუნდმაც ნახა და, შესაბამისად, საელჩოს განცხადებაშიც ჩანს. ჩვენ მოვუწოდებთ ოპოზიციას გაასაჩივროს დარღვევები კანონიერი გზებით, რომლებიც საქართველომ ბოლო 20 წლის განმავლობაში შექმნა. სამწუხაროდ, მათ და საქართველოში კიდევ ბევრს არ აქვს სასამართლო სისტემის და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნდობა. ეს ის ინსტიტუტებია, რომლებიც ჩამოყალიბების ეტაპზეა და მიუხედავად იმისა, რომ მათ მიმართეს, არ ჰქონიათ რწმენა, რომ საჭირო განხილვას მიიღებდნენ. ამიტომ, არჩევნების მეორე დღიდან ისინი ხელახალ არჩევნებს ითხოვდნენ. რამაც გამოიწვია ჩვენი ყოყმანი, ეს არის შედეგები - გამოთვლები არ იყო ძალიან აცდენილი. ოფიციალური შედეგები ზოგიერთ შემთხვევაში ახლოს იყო ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ ჩატარებულ პარალელურ დათვლებთან. ამიტომ მაშინვე ცხადი არ იყო, ჰქონდა თუ არა ადგილი მასშტაბურ დარღვევებს. რამდენად უარესი იყო წინა არჩევნები, რომელთა შემდეგ ხელახალი არჩევნები არ მოუთხოვიათ? კიდევ ერთხელ - ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, გამოიყენონ კანონიერი საშუალებები, რომლებიც წლების განმავლობაში შექმენით ამ ბრალდებების განსახილველად - გადათვლების და მსგავსი საკითხების, რაც ისე გამჭვირვალედ არ მოხდა, როგორც საჭირო იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან, რამაც გაზარდა ეჭვი შედეგების სანდოობის მიმართ“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

 

ბრიფინგზე ასევე გამახვილდა ყურადღება იმაზე, რომ ახალი საარჩევნო სისტემით პარლამენტში 9 პარტია მოხვდა.

 

„საკონსტიტუციო ცვლილებებმა უფრო პროპორციული საარჩევნო სისტემა მოიტანა. საქართველოს ახლა უფრო მრავალფეროვანი პარლამენტი ჰყავს, ვიდრე ოდესმე. მასში 9 პარტია შევიდა, რომლებიც საკმაოდ განსხვავებულ პერსპექტივებს და ხედვებს წარმოადგენენ, ცვლილების შედეგად პარლამენტში არის მეტი ქალი. ზოგიერთი პრობლემა, რომელიც ამ არჩევნებზე ვნახეთ, უნდა ყოფილიყო საარჩევნო რეფორმაში ასახული. ოპოზიცია პარლამენტის ბოიკოტს აწყობდა, ამიტომ საარჩევნო რეფორმა ისეთი მძლავრი არ იყო, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო, პროცესის მონაწილეები რომ ყოფილიყვნენ პარლამენტის შიგნით. ამიტომ, იმის ნახვა, რომ ისინი კვლავ ბოიკოტისკენ მოუწოდებენ, უკვე ნანახი ფილმის ყურებაა. ჩვენ მოვუწოდებთ მათ შევიდნენ პარლამენტში, განახორციელონ მრავალმნიშვნელოვანი საარჩევნო ცვლილებები, რათა შემდეგი არჩევნები უკეთესი იყოს“, - განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner