„მოწოდება ბოიკოტისკენ იმეორებს იმას, რაც უკვე ვნახეთ. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, შევიდნენ პარლამენტში, განახორციელონ მნიშვნელოვანი საარჩევნო ცვლილებები, რათა შემდეგი არჩევნები იყოს უკეთესი, რომ მათ და ჩვენ აღარ ვიხილოთ იმავე ტიპის დარღვევები. სწორედ ამის მხარდაჭერას ცდილობენ ჩვენი ელჩები - დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და იპოვონ გამოსავალი არა ჩვენთვის, არამედ საკუთარი თავისთვის, და ისწავლონ ერთად მუშაობა, რადგან პარლამენტში მოუწევთ ერთად მუშაობა“, - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა სპეციალური ბრიფინგი გამართეს და საქართველოს შესახებ ისაუბრეს.
შესაბამისი ინფორმაცია დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საკონსტიტუციო ცვლილებებმა და შედეგად, უფრო პროპორციულმა საარჩევნო სისტემამ არსებითად გაამართლა და დღეს უფრო მრავალფეროვანი პარლამენტია, ვიდრე ოდესმე.
„ახალმა საარჩევნო სისტემამ, არსებითად, გაამართლა. დღეს მათ უფრო მრავალფეროვანი პარლამენტი ჰყავს, ვიდრე ოდესმე, და ეს 9 პარტია ასახავს ბევრად უფრო მრავალფეროვან ხედვებსა და მოსაზრებებს, და უფრო მეტი ქალიცაა წარმოდგენილი საარჩევნო ცვლილებების შედეგად. და ზოგიერთი პრობლემა, რომელიც შეიძლება იყოს, - უნდა ყოფილიყო, - დაკავშირებული ამ არჩევნებთან, მოიცავდა ზაფხულში გატარებულ საარჩევნო რეფორმას.
ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა პარლამენტს. ასე რომ, საარჩევნო რეფორმა არ იყო სათანადოდ ძლიერი და დამაჯერებელი, რათა ისინი (ოპოზიცია) გამხდარიყვნენ პარლამენტის ფარგლებში ცვლილებების პროცესის მონაწილეები. ასე რომ, მათი მხრიდან მოწოდება ბოიკოტისკენ უკვე ნანახი ფილმის ყურებასავით არის. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, შევიდნენ პარლამენტში, განახორციელონ მნიშვნელოვანი საარჩევნო ცვლილებები, რათა შემდეგი არჩევნები იყოს უკეთესი, რომ მათ და ჩვენ აღარ ვიხილოთ იმავე ტიპის დარღვევები. სწორედ ამის მხარდაჭერას ცდილობენ ჩვენი (აშშ-სა და ევროკავშირის) ელჩები: დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და იპოვონ გამოსავალი არა ჩვენთვის, არამედ საკუთარი თავისთვის, და ისწავლონ ერთად მუშაობა, რადგან პარლამენტში მოუწევთ ერთად მუშაობა - რათა შეიმუშაონ პროგრამა, საარჩევნო დღის წესრიგი, რომელიც მოიცავს არსებით საარჩევნო ცვლილებებს, ცესკოს ადმინისტრაციის არსებით რეფორმას. და შემდეგ, როცა ჩატარდება ახალი არჩევნები, თქვენ გექნებათ უფრო სანდო, დამაჯერებელი შედეგები, რომელთა მიმართ ყველას ექნება ნდობა და აღარ იქნება მსგავსი კითხვის ნიშნები”,- აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.