logo_geo
eng_logo
ლელა ანჯაფარიძე: ცხოვრებაში არასდროს მინახავს ასეთი ინტელიგენტური, თავშეკავებული და დახვეწილი ადამიანი...
- +

18 ნოემბერი. 2020. 18:32

 

ლეილაჩკა ჭაბუას ასული ამირეჯიბი...

 

(თბილი მოგონებები)...

 

არსებობენ ადამიანები, ვისი გარდაცვალების ბოლომდე და ჯიუტად არ გჯერა...

 

პანაშვიდზეც იყავი... გასვენებაშიც... მაგრამ...

 

მაინც ვერ წარმოგიდგენია, რომ აღარ არიან...

 

ალბათ, ეს ადამიანის თავისებური თავდაცვის საშუალებაა...

 

ჩემთვის ერთ-ერთი ასეთი ადამიანი იყო და რჩება ქალბატონი ლეილა ამირეჯიბი...

 

ის ჩემი ოდნავ უფროსი მეგობარი იყო...

 

მოსკოვში ერთად ვმუშაობდით, ჯერ საელჩოში... მერე საკონსულოში მთელი 15 წლის განმავლობაში...

 

აქედან ნახევარზე მეტი - ერთ კაბინეტში გავატარეთ...  რაც ძალიან გვახარებდა, რადგანაც ორივე გამოუსწორებელი მწეველები ვიყავით და ერთმანეთის გარდა, აბა, ვინ გაგვიძლებდა...

 

მე ცხოვრებაში არასდროს მინახავს ასეთი ინტელიგენტური, თავშეკავებული და დახვეწილი ადამიანი...

 

საუბარიც სულ სხვანაირი ჰქონდა - მე რომ მიყვარს - დაბალ ტონალობაში...

 

მისი ძალიან გაბრაზებაც სხვასავით (არადა რამდენი მინახავს), „ბაზრის ქალის დონეზე“ ვერასდროს ვერ დავიდოდა...

 

გენეტიკურად ვერ შეეძლო... ჭაბუას შვილი იყო და იმიტომ... საოცარი ტაქტის გრძნობა გააჩნდა... ძალიან ამაყობდა თავისი მამით, დიდი ჭაბუათი, მაგრამ  არასდროს ამ თემას თავზე არ გახვევდა ზედმეტად...

 

მთელი დღე ფუტკარივით შრომობდა...  ხშირად სამსახურში მარტო ლეილაჩკა და მე ვრჩებოდით...

 

ახლა მე ჩემს თავს არ ვიქებ - მებარა 24-საათიანი ინფორმაციის მიწოდება და ამ სხდომისთვის სამსახურებრივად განწირული ვიყავი...

 

ლეილა კი, მე რომ მხედავდა, ვმუშაობდი, ცდილობდა, ბოლომდე მარტო არ დავეტოვებინე...

 

უამრავი შესანიშნავი თვისება ჰქონდა... მე ორს გავუსვამდი ხაზს ...

 

პირველი - მე არასდროს მინახავს ასეთი მომთმენი და დელიკატური ადამიანი... 2006-2007 წლებში, როდესაც რუსეთში ანტიქართული კამპანია მძვინვარებდა და საკონსულოში იმდენი დაჩაგრული და ბუნებრივად გაბოროტებული საქართველოს მოქალაქე მოდიოდა...

 

ლეილაჩკა არასდროს გაღიზიანებულა, ხმა არ აუწევია და თითოეულ ადამიანს ბოლომდე თანაუგრძნობდა და ეფერებოდა...

 

მე ძალიან ცუდი ადამიანი არ მგონია საკუთარი თავი, მაგრამ ზოგჯერ ნერვები იმდენად არ მყოფნიდა...

 

რომ ან ვყვიროდი და ან ვიმალებოდი... და მეორე შესანიშნავი თვისება იყო მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება ღრმად მოხუცებული დედისადმი...

 

ეს რაღაცა საოცრება იყო... გადაღლილი ლეილა, უამრავი საკუთარი პრობლემით დატვირთული...

 

დედას მართლა დედოფალივით უვლიდა... და ბოლოს გამახსენდა...  ახალი, 2008 წლის ზღურბლზე... ჩვენმა კონსულმა ზურიკო პატარაძემ არაფრით არ გაგვიშვა სახლებში... მაშინ კი ვბრაზდებოდით, მაგრამ ახლა ვხვდები...  საკონსულოსთან ჩვენი თანამემამულეები იდგნენ საშინელი პრობლემებით და მათი გადმოსახედიდან, ჩვენი „ვერშემდგარი საცივები და გოზინაყები მოსკოვის ჩამთბარ ბინებში“, - ამ დროს ცოტა სასაცილო ჩანდა...

 

ჰოდა, სადღაც საღამოს 8 საათია...

 

შევდივარ მისაღებში და უცებ მესმის ლეილაჩკას ცოტა აწეული ხმა -

 

„Что Вы себе позволяете? Выйдите из приемной...

Я сейчас вызову милицию»!!!

 

გიჟივით შევვარდი ... ვიფიქრე, მინიმუმ კლავენ-მეთქი და...

 

რაში ყოფილა, იცით, საქმე...

 

ვიღაცამ ლამაზი, ნაძვის ხეზე ჩამოსაკიდებელი დიდი სათამაშო აჩუქა - ერთი ცალი... მერე კაბინეტში შევიდა და ასე მითხრა -

 

„გავბრაზდიო... აბა, ასეთი ძვირი სათამაშოს ფული სად ჰქონდაო?“

 

მართლა ასეთი სუფთა და მიამიტი ქალბატონი იყო...

 

დღემდე მახსოვს და მიყვარს და ვგრძნობ და მაკლია...

 

ვინც ცოტა მაინც შეხებია, ყველა დამეთანხმება...

 

დღეს ბატონი ჭაბუას დაბადების დღეა და ამაზე ლამაზად მილოცვა ვერ შემეძლო...

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner