logo_geo
eng_logo
„The Washington Post“: სტამბოლის აფეთქების მონაწილეები იყვნენ რუსეთის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეები
- +

1 ივლისი. 2016. 17:29



„The Washington Post"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სტამბოლის აერიპორტში აფეთქების მონაწილეები იყვნენ რუსეთის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეები.



„The Washington Post"-ის სტატიას უცვლელად გთავაზობთ:

 


დადგინდა სამი თვითმკვლელის ვინაობა, რომლებმაც სტამბოლის მთავარ აეროპორტში ნამდვილი ჯოჯოხეთი და სისხლისღვრა მოაწყეს - ისინი აღმოჩნდნენ რუსეთის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეები. ამ ფაქტის დადგენით კი გამოძიებას დამატებითი მითითება და ინფორმაცია მიეწოდა, რომელიც ამუშავებს ამ აქტში ისლამური სახელმწიფოს" ქსელის სავარაუდო მონაწილეობის ვერსიას. თურქეთში მავანნი ხაზგასმით აღნიშნავენ შესაძლო კავშირს ისლამურ სახელმწიფოსა" და თურქეთში არსებულ კავკასიის რეგიონისა და ცენტრალური აზიის მოქალაქეთა მსხვილ დიასპორებს შორის. ამ აქტზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია, თუმცა თურქეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ, მათი აზრით, ათათურქის აეროპორტის მასობრივი მკვლელობის უკან დგას ისლამური სახელმწიფო". მაღალი თანამდებობის თურქი პირები ხაზგასმით აღნიშნავენ თვითმკვლელი ტერორისტების მოქალაქეობას, თუმცა შესაბამისმა უწყებებმა შეაყოვნეს მათი სახელებისა და სხვა დეტალების გამხელა, ასევე ინფორმაციის გამოქვეყნება მათი მარშრუტისა და გეგმების შესახებ უშუალოდ თავდასხმამდე, რომელმაც შეიწირა 44 ადამიანის სიცოცხლე და 230 ადამიანს მიაყენა ფიზიკური დაზიანება და ამით, სავარაუდოდ, კიდევ უფრო შეარყია თურქეთის ისედაც დაკნინებული ტურიზმის ინდუსტრია. 1990-იანი წლების შემდეგ ისლამისტური სამხედრო დაჯგუფებები უზბეკეთში ახორციელებდნენ სპორადულ თავდასხმებს, ხოლო ყირგიზეთში სულ ახლახან განხორციელდა ოპერაცია ისლამური სახელმწიფოს" მიერ მოქალაქეთა სავარაუდო გადაბირების აღსაკვეთად. რუსეთის რეგიონი დაღესტანი კი, რომელიც, სავარაუდოდ, მესამე ტერორისტის სამშობლოა, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ჩართულია სამხედრო შეტაკებებში რუსეთის სამხედრო ძალებსა და ისლამისტ მებრძოლთა შორის. უნდა ვივარაუდოთ, რომ ტერორისტების წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია გააფართოებს გამოძიების საერთაშორისო მასშტაბს და გაზრდის რუსეთის მხრიდან დახმარების ალბათობას, რომელიც პარასკევს გეგმავს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს თურქულ მხარესთან. ამ შეხვედრის მთავარი გაცხადებული საკითხი ეხება სირიის კონფლიქტის შემსუბუქების გზების ძიებას, მაგრამ სტამბოლის აეროპორტზე თავდასხმამ შეიძლება ყურადღება გადაიტანოს ისლამურ სახელმწიფოსა და მის დამოკიდებულებაზე თურქეთზე, როგორც არსებობის წყაროზე. ბოლო თვეებში თურქეთი სულ უფრო აქტიურად ცდილობს შეიარაღებული ექსტრემისტების ჯგუფთა მარშრუტების გადაკეტვას, რომლებითაც ხორციელდება სირიისთვის მარაგებისა და გადაბირებულ პირთა მიწოდება-გადაგზავნა. მაშინ, როცა თურქეთი არსებული ძალადობის შემდეგ ჯერ კიდევ არ იყო გონს მოსული, თავდასხმამ მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს აეროპორტზე, რომელიც წარმოადგენს თურქეთის თანამედროვე ეკონომიკის სიმბოლოს, გამოიწვია იმის საფრთხე, რომ ქვეყანა შეიძლება ჩაერთოს უფრო ფართომასშტაბიან ომში ჯიჰადისტების წინააღმდეგ. თურქეთის პოლიციამ განახორციელა რეიდები, სულ მცირე, ორ ქალაქში და ხსენებულ აქტებთან დაკავშირებით დააკავა არანაკლებ 13 ეჭვმიტანილისა. თურქეთის ოფიციალური წარმომდგენლებისა და სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu"-ის თანახმად, სტამბოლში ანტიტერორისტულმა უწყებებმა განახორციელეს რეიდები 16 ობიექტზე და წამოიწყეს ოპერაციები ქალაქ იზმირში (ეგეოსის ზღვის სანაპირო). სტამბოლში დაკავებულთაგან სამი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, დანარჩენი ცხრა კი დააკავეს იზმირში ისლამური სახელმწიფოსთვის" სავარაუდო ლოგისტიკურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით, თუმცა უცნობია, არიან თუ არა ისინი უშუალოდ დაკავშირებულნი აეროპორტის ტერორისტულ აქტთან. ოთხშაბათს საღამოს, სატელევიზიო გამოსვლაში, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ, მთავრობაში „ძალს იკრებს მოსაზრება", რომ სწორედ ისლამური სახელმწიფოა" პასუხისმგებელი მომხდარზე. ოფიციალური ცნობებით მოგვიანებით გარდაიცვალა თავდასხმის დროს დაშავებული არანაკლებ სამი ადამიანისა და მსხვერპლთა რიცხვმა 44-ს მიაღწია, მათ შორის 25 თურქია და 19 უცხოელი. როგორც საინფორმაციო სააგენტო Reuters" იუწყება, აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის მდივნის ჯე ჯონსონის თანახმად, დაზარალებულთა შორის არის, სულ მცირე, ერთი ამერიკელი, რომელმაც მიიღო უმნიშვნელო დაზიანება", - ნათქვამია სტატიაში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner