ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჯო ბაიდენი გამოცხადდა, თუმცა, დონალდ ტრამპი კენჭისყრის შედეგებს სასამართლოში ასაჩივრებს და აცხადებს, რომ „არჩევნების დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია“. რამდენად არის შესაძლებელი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი სასამართლოს გზით შეიცვალოს და თუ ტრამპი სასურველ შედეგს ვერ მიაღწევს, რას მოუტანს საქართველოს „თეთრი სახლის“ ოვალურ კაბინეტში ბაიდენის, მინიმუმ, ოთხწლიანი დასახლება? ამ თემაზე ამერიკის პოლიტიკური სისტემის მკვლევარს, პროფესორ ვახტანგ მაისაიას ვესაუბრებით:
– მიუხედავად იმისა, რომ ტრამპისტი ვარ და ძალიან მინდოდა მეორე ვადითაც გამხდარიყო ამერიკის პრეზიდენტი, უნდა ვაღიარო, რომ მის დამარცხებას ბევრი ობიექტური წინაპირობა ჰქონდა. ამდენად, არა მგონია სასამართლო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი ძირფესვიანად შეცვალოს და გამარჯვებულად ტრამპი გამოაცხადოს.
– კონკრეტულად რა შეცდომები დაუშვა ტრამპმა და რამ განაპირობა მისი მარცხი?
– ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რამაც არჩევნებში ტრამპის დამარცხება გამოიწვია, კოვიდ-პანდემიასთან არაეფექტური ბრძოლაა. დიახ, ტრამპი შეთქმულების თეორიის გავლენის ქვეშ მოექცა, პანდემიას აგდებულად უყურებდა და იმის მაგივრად ეფექტური ზომები გაეტარებინა, ჩინეთის კრიტიკით იყო დაკავებული – ვირუსი ხელოვნურად გაავრცელესო. სწორედ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის არასერიოზული მიდგომის გამო მოხდა ამერიკაში პანდემიის საშინელი აფეთქება, რასაც უზარმაზარი ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა. გარდა ამისა, ტრამპმა ჯანდაცვის რეფორმას სათანადო ძალისხმევა არ მოახმარა, მაშინ, როცა ბაიდენი და დემოკრატები სწორედ ჯანდაცვის სისტემის ხარვეზებზე აპელირებდნენ და ამერიკის მოსახლეობას ამ მიმართულებით სერიოზულ რეფორმებს პირდებოდნენ.
– თუმცა, ტრამპმა შეძლო, რომ ამერიკის ეკონომიკა, რომელიც ობამა-ბაიდენის მმართველობის დროს სერიოზულ დაღმასვლას განიცდიდა, ამოექაჩა და ამერიკელების ცხოვრების დონე აემაღლებინა.
– კი, ბატონო, ტრამპმა ადგილობრივი წარმოების განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე იზრუნა, თუმცა, ეს მოხდა ჩინეთთან ურთიერთობის დაძაბვის ფონზე, რამაც ამერიკის ეკონომიკას სერიოზული ზიანი მიაყენა.
ტრამპის დამარცხების ერთ-ერთი მიზეზია ისიც, რომ მან ძალიან გაიფუჭა ურთიერთობა ჯერ ამერიკის ესპანურენოვან მოსახლეობასთან, შემდეგ კი – აფროამერიკელებთან, რომლებიც პოლიციელის მიერ მოქალაქე ჯორ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ მთლიანად ბაიდენის მხარეზე გადავიდნენ. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ტრამპს გადაკიდებული ჰყავდა ყველა წამყვანი მედიასაშუალება და სოციალური ქსელი, რომლებსაც ხშირად სამართლიანად აკრიტიკებდა და „ფეიკ მედიას“ უწოდებდა, მაგრამ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ბრძოლა ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის ყოველთვის წამგებიანია.
– ბუნებრივია, საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად ის აღელვებს და აინტერესებს, რა შეიცვლება ჩვენი ქვეყნისთვის ტრამპის დამარცხებითა და ამერიკის ხელისუფლებაში ბაიდენის მოსვლით?
– მიუხედავად იმისა, „თეთრ სახლში“ ტრამპი იჯდება, ბაიდენი თუ სხვა ვინმე, ამერიკისა და საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობებში არაფერი შეიცვლება და სახელმწიფოებრივ დონეზე პარტნიორობა ყოველთვის გაგრძელდება. რაც შეეხება იდეოლოგიურ მიმართულებას, ტრამპი კონსერვატიული, ტრადიციონალისტური ღირებულებების მიმდევარია და ლიბერტარიანიზმს უპირისპირდება, ბაიდენი კი გამოკვეთილი ლიბერტარიანელი და გლობალისტური პოლიტიკის ადეპტია. შესაბამისად, ამერიკის სათავეში ბაიდენის მოსვლა მთელ მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოშიც კვლავ წაახალისებს ნეოლიბერალურ ძალებს, რომლებსაც ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში პოზიციები და გავლენები შესუსტებული ჰქონდათ.
– გამოდის, რომ ბაიდენის გაპრეზიდენტება ნაცებისა და ევრონაცების წისქვილზე ასხამს წყალს?
– ნურავის ექნება ცრუ წარმოდგენა, რომ ბაიდენი სააკაშვილისა და ნაცების მეგობარია! არ დაგვავიწყდეს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სწორედ ობამას პრეზიდენტობისა და ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროს დაუსვა წერტილი საქართველოში სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის ბოგინს. დიახ, სწორედ ობამამ და ბაიდენმა ითამაშეს გადამწყვეტი როლი იმაში, რომ 2012 წელს სააკაშვილმა ძალაუფლების მიტაცება ვეღარ გაბედა და იძულებული გახდა არჩევნებში დამარცხება ეღიარებინა. 8 წლის წინათ ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლების მშვიდობიან შეცვლაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა, რომელიც, რა თქმა უნდა, ობამასა და ბაიდენის ადმინისტრაციის ინსტრუქციებს ასრულებდა. ისიც გავიხსენოთ, რომ ობამა სააკაშვილს ცოცხალი თავით არ ხვდებოდა და მათხოვარი მიშა სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმზე ამერიკის პრეზიდენტს კიბის ქვეშ „უბირჟავებდა“, რათა მისთვის ხელი ჩამოერთმია და ეს მომენტი ფოტოზე დაეფიქსირებინა, ხოლო ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მხოლოდ მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც სააკაშვილის ხელისუფლება შეიცვალა.
– 2016 წელს, როცა ამერიკის პრეზიდენტად ტრამპი აირჩიეს, სააკაშვილმა სოციალურ ქსელში მასთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, ახლა კი ბაიდენთან გადაღებული სურათი გამოფინა!
– სააკაშვილი ჩვეულებრივი ყვარყვარეა, რომელიც პრეზიდენტ ტრამპთანაც ცდილობდა საერთო ენის გამონახვას, მაგრამ მის ინაუგურაციაზე არც კი შეუშვეს და ცერემონიალს ბუჩქებიდან უყურებდა, ახლა კი ბაიდენთან შეძრომასაც ეცდება, მაგრამ არაფერი გამოუვა, რადგან ჩამოწერილი პოლიტიკური მასხარაა. ხომ მოისმინეთ, რას ამბობს ფარულ ჩანაწერში ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი – სააკაშვილი დასავლეთს დესტაბილიზაციის ფაქტორად მიაჩნია და მისთვის დიდი წითელი ხაზი აქვს გადასმულიო! ახლა მთავარია ბაიდენთან საერთო ენის გამონახვას საქართველოდან ვინ უფრო მალე და უკეთესად მოახერხებს – ბიძინა ივანიშვილი თუ გიგა ბოკერია? თუ ივანიშვილი მისთვის დამახასიათებელ პასიურობას გამოიჩენს და საიდუმლო ორდენის მეთაურივით ჩაიკეტება, ბოკერია ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობას დაალაგებს და მისი პარტია ბაიდენისა და დემოკრატების მთავარი მოკავშირე გახდება!
– როგორ ფიქრობთ, ამერიკის ადმინისტრაცია საქართველოში ამერიკის ელჩს კელი დეგნანს გამოცვლის?
– არა მგონია! ბაიდენმა, რომელიც საგარეო პოლიტიკას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, საქართველოში ამერიკის ელჩი კელი დეგნანი, შესაძლოა კიდევ უფრო მეტი ბერკეტებით აღჭურვოს!
– დაბოლოს, ფაქტია, რომ ნაცმოძრაობა რევოლუციურ სცენარს მიჰყვება და ხელისუფლების დამხობას ქუჩიდან ცდილობს. აქვს თუ არა რაიმე პერსპექტივა სააკაშვილის რეჟიმის ნარჩენთა ამ ძალისხმევას ამერიკაში ხელისუფლების ცვლილების ფონზე?
– როგორც უკვე ვთქვით, სააკაშვილი ჩამოწერილი საქონელია და ნაცმოძრაობას ამერიკისა და დასავლეთის მხარდაჭერა არ ექნება! ერთადერთი, ვინც სააკაშვილი საქართველოსთან მიმართებაში დესტაბილიზაციის იარაღად შეიძლება გამოიყენოს, ეს არის რუსეთი, რომელთანაც მას ყოველთვის ჰქონდა და დღესაც აქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა!
ჯაბა ხუბუა