აშშ-ში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 250 ათასს გადააჭარბა. ქვეყანა ეპიდემიის გავრცელებისა და ლეტალობის მასშტაბით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
საერთო ჯამში ინფიცირებულთა ოდენობა აშშ-ში 11.5 მილიონს აღემატება. რეკორდულია საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტების რიცხვიც, რომელიც 77 000-ს აჭარბებს.
ქვეყანაში ვაქცინაციის დაწყებას დეკემბრის მიწურულიდან გეგმავენ. ორი ამერიკული კომპანია „მოდერნასა“ და „ფაიზერის“ მიერ წარმოებულმა ვაქცინებმა გამოცდის სამივე ფინალური ფაზა წარმატებით დაასრულეს. ახლა ორივე კომპანია აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისგან ნებართვის გაცემას ელის, რის შემდეგაც სერიული წარმოება დაიწყება.
წლის ბოლომდე „ფაიზერს“ 50 მილიონი, „მოდერნას“ კი – 20 მილიონი დოზა ვაქცინა ექნება მზად. 2021 წლისთვის, „მოდერნა“ ერთ მილიარდამდე, „ფაიზერი“ კი 1.3 მილიარდამდე დოზას უზრუნველყოფს.