ბერლინში ათასობით მოქალაქემ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მოსალოდნელი ახალი შეზღუდვები გააპროტესტა.
მათი აზრით, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის გეგმა ზედმეტად ზღუდავს სამოქალაქო უფლებებს.
აქციის მონაწილეებს ბანერები ეკავათ სლოგანით - „მშვიდობა და თავისუფლება“.
„დოიჩე ველე“ ბერლინის პოლიციის სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ აქციაზე სამართალდამცველებმა სულ მცირე 365 ადამიანი დააკავეს. დაპირისპირების დროს კი 10-მდე სამართალდამცავი დაშავდა. გამოცემის ცნობითვე, პოლიცია დემონსტრანტებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებდა, თუმცა, აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. პოლიციამ შეტაკებისას წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.