„აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი არის მკაფიო გზავნილი, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები ისე, როგორც არასდროს არის ძლიერი და აშშ დგას საქართველოს, ქართველი ხალხის გვერდით“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, აშშ-ის გვერდით დგომა განსაკუთრებით ფასეულია გლობალური პანდემიის დროს, როდესაც მსოფლიოს წინაშე დიდი პრობლემები და გამოწვევებია.
„ასეთ დროს აშშ-ის მთავრობა ძალიან გვეხმარება და გამოხატავს მკაფიო მზადყოფნას, რომ წინ წავწიოთ თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, მაიკ პომპეოს ვიზიტი თავისთავად არის იმის აღიარება, რომ ჩვენს ქვეყნებს ძლიერი სტრატეგიული, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები გააჩნია.
მისივე თქმით, ეს ცალსახად ძალიან მნიშვნელოვანია გზავნილია ბიზნესისთვის, რადგან ბიზნესი დიდ ყურადღებას აქცევს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს.
ეკონომიკის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულ აქტებს, რომელიც მიანიშნებს, რომ საქართველო ამერიკული ბიზნესებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა.
„შეგახსენებთ სექტემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომელშიც დადებითად არის შეფასებული საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს კლიმატი. ასევე გასულ წელს ამერიკის კონგრესის წარომადგენელთა პალატის კომიტეტების მიერ დამტკიცებულ საქართველოს მხარმდაჭერ კანონპროექტს, რომელშიც დიდი ბლოკი ეთმობა ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხს და ერთგვარი მოწოდებაცაა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლების მიმართ, რომ დააჩქარონ პროგრესი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მუშაობის თვალსაზრისით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, ერთობლიობაში ეს ყველაფერი ქმნის მოცემულობას, რომ საქართველოში ამერიკელი ინვესტორების აქტივობა გაიზარდოს, თუმცა ხაზგასასმელია, რომ საინვესტიციო თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის დღესაც საკმაოდ მაღალ დონეზეა.
„სტატისტიკური მონაცემებით, პანდემიის მიუხედავად, 2020 წლის ორივე კვარტლის მონაცემებით, აშშ-ი არის ტოპ სამეულში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით. საუბარია საქართველოში განხორციელებულ დაახლოებით 50 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე ამ ურთულეს პერიოდში. ეს არის მთელი რიგი პროქტები სხვადასხვა სფეროში, მათ შორის მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში“, - დასძინა ნათია თურნავამ.
ნათია თურნავას აღნიშნულ განცხადებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.