„დაახლოებით 150 000 კომპანიას ექნება შესაძლებლობა, ავტომატურად დაიბრუნოს დღგ ფაქტობრივად მომენტალურად. ეს ნიშნავს, რომ ყოველწლიურად, დაახლოებით მილიარდი ლარი მომენტალურად დაუბრუნდება ჩვენს ბიზნესს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმა, რომლის მსგავსიც ბოლო წლების, შეიძლება ითქვას, ათწლეულების განმავლობაში ქვეყანაში არ განხორციელებულა.
„კორონავირუსთან ბრძოლასთან ერთად გვაქვს ასევე უაღრესად მნიშვნელოვანი ამოცანა - ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავება. მოგეხსენებათ, პირველივე ტალღის დაწყების დღიდან ფინანსთა სამინისტროსთან ერთად დავიწყეთ მუშობა ისეთ სერიოზულ რეფორმასა და ნაბიჯზე, როგორიცაა დღგ-ის ავტომატური დაბრუნება, რომელიც ვერც ერთმა მთავრობამ, ვერც ერთ პერიოდში ვერ განახორციელა, რაც ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 150 000 კომპანიას ექნება შესაძლებლობა, ავტომატურად დაიბრუნოს დღგ ფაქტობრივად მომენტალურად.
ეს ნიშნავს, რომ ყოველწლიურად, დაახლოებით მილიარდი ლარი მომენტალურად დაუბრუნდება ჩვენს ბიზნესს. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმა, რომლის მსგავსიც ბოლო წლების, შეიძლება ითქვას, ათწლეულების განმავლობაში ქვეყანაში არ განხორციელებულა. ამ რეფორმამ მხარი უნდა დაუჭიროს როგორც საშუალო ბიზნესის განვითარებას, ასევე სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და განსაკუთრებული ფასი აქვს ამ რეფორმას დღევანდელი ეკონომიკური კრიზისის პირობებში. განსაკუთრებული მნიშნელობა აქვს სწრაფი ეკონომიკური აღდგენის პოტენციალის შენარჩუნების თვალსაზრისით. მინდა, მადლობა გადავუხადო ფინანსთა სამინისტროს ამ უაღრესად მნიშვნელოვანი სისტემური რეფორმის გატარებისთვის“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.