logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: დემოკრატია არ გვინდებლარიენ და არც „პაჟალუსტა“!
- +

19 ნოემბერი. 2020. 12:48

 

 

– არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ და პარლამენტში არ შევალთ! – აცხადებენ ნაცები და სხვა ოპოზიციური პარტიებიც, რომლებმაც 1-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი გადალახეს.

 

– არჩევნების გამყალბებელ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში მარტო დავტოვებთ და ერთპარტიული საკანონმდებლო ორგანოს მაგალითზე მთელი მსოფლიო დაინახავს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არსებობს! – ერთხმად გაჰკივიან სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის ნარჩენები, რომლებიც დღეს პოლიტიკურ ველზე მხოლოდ იმიტომ არსებობენ, რომ საქართველოში დემოკრატიამ დასაშვებ ზღვარს გადააჭარბა და განუკითხაობაში გადაიზარდა.

 

დიახ, განუკითხაობაში გადაზრდილი დემოკრატია რომ არა, „ნაცმოძრაობა“, როგორც დანაშაულებრივი რეჟიმი, სისტემურად გასამართლდებოდა, მისი ყველა ლიდერი საბრალდებო სკამზე აღმოჩნდებოდა და ქართველი ხალხის სისხლში ამოგანგლულ პარტიას პოლიტიკური საქმიანობა აეკრძალებოდა!

 

განუკითხაობაში გადაზრდილი დემოკრატია რომ არა, საქართველოში ე.წ. დენაციფიკაცია მოხდებოდა და ვერცერთი პოლიციელი, უშიშროების თანამშრომელი, პროკურორი, მოსამართლე თუ მუნიციპალური მოხელე, რომელიც დანაშაულებრივ ნაცრეჟიმს ემსახურებოდა, სახელმწიფო სამსახურში ვეღარ გაჭაჭანდებოდა.

 

თუმცა, „ქართული ოცნება“ სრულიად საპირისპიროდ მოიქცა და სამართლიანობის აღდგენას განუკითხაობაში გადაზრდილი დემოკრატიის დამყარება არჩია.

 

„ქართული ოცნების“ პარლამენტის პირველ თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს 2013 წელს ტყუილად არ განუცხადებია – ახლა ქართული დემოკრატიის მთავარი ამოცანა „ნაცმოძრაობის გადარჩენა არისო!

 

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირველი გენპროკურორის მოადგილის ლაშა ნაცვლიშვილის სკანდალური აღიარებაც გავიხსენოთ – ყველანაირი მტკიცებულება გვქონდა, რომ გიგა ბოკერია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიგვეცა, მაგრამ არ დავიჭირეთ, რადგან დემოკრატიასა და პოლიტიკურ პლურალიზმს ასე სჭირდებოდაო!

 

მოკლედ, „ქართულმა ოცნებამ“ „ნაცმოძრაობის“ გადარჩენის ამოცანა წარმატებით გადაჭრა და მივიღეთ დემოკრატია, რომელმაც ქაოსი და განუკითხაობა შვა!

 

მივიღეთ დემოკრატია, როცა ხალხის მწამებელი და გამაუპატიურებელი პოლიტიკური ძალა არჩევნებში მეორე ადგილსა და მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსსაც კი არ ყაბულდება!

 

მივიღეთ დემოკრატია, როცა სიკვდილის ბრიგადების შემქმნელი და მშვიდობიან მიტინგებზე ადამიანების ცემით მომკვლელი პარტია რევოლუციის მოწყობას ცდილობს!

 

მივიღეთ დემოკრატია, როცა დანაშაულებრივი ბანდა ხელისუფლებას იქით ახვეწნინებს – ოღონდ პარლამენტში შემოდიო!

 

გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს, როცა საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა გაჩაღდა და ქვეყანას საპროტესტო აქციების ტალღამ გადაუარა, შს იმჟამინდელმა მინისტრმა, აწ განსვენებულმა შოთა გორგოძემ ლეგენდარული ფრაზა თქვა, რომელიც ხალხური სახით ასე ჩამოყალიბდა: – დემოკრატია გინდებლარიენ? პაჟალუსტა!

 

მაშინ ქართველ ხალხს მართლა დემოკრატია და ძირმომპალი საბჭოთა რეჟიმისგან გათავისუფლება სურდა, მაგრამ ნაღდად არავის უნდოდა ისეთ კვაზიდემოკრატიაში ეცხოვრა, სადაც დამნაშავეთა ბანდა მთავარი ოპოზიციური ძალა იქნებოდა და ხელისუფლებას დააშანტაჟებდა – არჩევნებში გამარჯვებულად თუ არ გამომაცხადებ, პარლამენტში არ შევალო!

 

ასეთი დემოკრატია არ გვინდებლარიენ და ამაზე „პაჟალუსტას“ არცერთი ჭკუათმყოფელი იტყვის!

 

დიახ, არ გვინდებლარიენ დემოკრატია, რომლის ხარისხიც იმით გაიზომება, ისხდებიან თუ არა პარლამენტში მკვლელი, მწამებელი და გამაუპატიურებელი რეჟიმის ნარჩენები, რომელთა კრებსითი სახეც ყავარჯნიანი ჯალათი თემურ უბირიაა!

 

არ გვინდებლარიენ დემოკრატია, რომელიც ეროვნულ პოლიტიკურ ძალებს სრულ საინფორმაციო და ფინანსურ ბლოკადაში მოაქცევს, ულტრალიბერალურ სექტებს კი სრულ საინფორმაციო და ფინანსურ კარტბლანშს მისცემს, რათა არჩევნებშიც შესაბამისი შედეგი დადგეს – პარლამენტში ეროვნულების ხმა არ ისმოდეს, ულტრალიბერალებმა კი კვერცხის დადებამდე იკაკანონ!

 

არ გვინდებლარიენ დემოკრატია, რომელიც „კაგებეს“ განსახიერება გრიშა ვაშაძეს უფლებას აძლევს, ქართველ სპეცრაზმელს თავში წამოარტყას, მოტერორისტო ვახა მაჩალიკაშვილს კი ნებას რთავს, ქართველ პოლიციელებს არაკაცები უძახოს და სულში ჩააფურთხოს!

 

ეს დემოკრატია კი არა, განუკითხაობაა, რომელზეც არასოდეს ვიტყვით – „პაჟალუსტა“!

 

2012 წლიდან მოყოლებული, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა იმ დღის დადგომაზე ოცნებობდა, როცა პარლამენტში ნაცის ჭაჭანება არ იქნებოდა, როცა აი, ეს დღეც დადგა – ნაცები თვითონ ამბობენ უარს პარლამენტში შესვლაზე!

 

ძალიანაც კარგი! სწორედ ისეთი დემოკრატია გვინდებლარიენ, რომლის პირობებშიც ქართველი ხალხის სისხლით გაუმაძღარი მანიაკები, უდანაშაულო ახალგაზრდების მკვლელები, ქართველი კაცების გამაუპატიურებლები, კოდორის ხეობის ჩამბარებლები და დავითგარეჯის გამყიდველები უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში არ იქნებიან გამოჯგიმული!

 

ერთპარტიული პარლამენტი, რა თქმა უნდა, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან ცუდია, მაგრამ გაცილებით უფრო ცუდი და სახიფათოა, როცა პარლამენტში მთავარ ოპოზიციად კრიმინალური ბანდა ზის!

 

დემოკრატია, რომელიც ბანდიტებს პოლიტიკურ ოპოზიციად ნათლავს, არ გვინდებლარიენ!

 

თუ ბანდიტებს პოლიტიკური ოპოზიციის სტატუსი არ ექნებათ და პარლამენტში არ ისხდებიან, დემოკრატია დემოკრატიად არ ჩაითვლება?

 

„პაჟალუსტა“!

 

წესით, უნდა გვაწყობდეს!

 

ჯაბა ხუბუა

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner