საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული ქართული ლიტერატურის გაცნობას, ამიერიდან, იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებიც შეძლებენ - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩევლის ქეთევან დუმბაძის ინიციატივით, პროექტის „ცოცხალი წიგნები" ფარგლებში, იტალიის ბიბლიოთეკები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გამოცემული წიგნებით განახლდება.
წიგნები უკვე გადაეცა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს, რომელიც იტალიაში მათ დროულ გაგზავნას და ადგილობრივი ბიბლიოთეკებისთვის წიგნების მიწოდებას უზრუნველყოფს.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართველი მწერლები პროექტის „ცოცხალი წიგნები" ფარგლებში იტალიის სხავადასხვა ქალაქში - ბარი, ფლორენცია, რომი, 15-23 ივნისს იმყოფებოდნენ. ზვიად რატიანმა, ელა გოჩიაშვილმა, ლელა სამნიაშვილმა, მარიამ წიკლაურმა, ნიკა ჯორჯანელმა, ლია ლიქოკელმა, გიორგი არაბულმა და კატო ჯავახიშვილმა იტალიაში მცხოვრებ ქართველებს საკუთარი შემოქმედება წარუდგინეს - მწერლებმა ემიგრანტებს საჩუქრად საკუთარი წიგნებიც გადასცეს. იტალიაში, სწორედ ამ შეხვედრების დროს დაიგეგმა ადგილობრივ ბიბლიოთეკებში ქართული წიგნის კუთხეების შევსება, იმისთვის რომ მათი გაცნობა ქართველმა ემიგრანტებმაც შეძლონ.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უპრეცედენტოდ მასშტაბური ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტი „ცოცხალი წიგნები" 2015 წლის 14 აპრილს, „დედაენის დღეს" დაიწყო. პროექტი, რომელშიც 80 მწერალია ჩართული, 4 ეტაპად განხორციელდა და გულისხმობდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებში სტუმრობას, მკითხველთან შეხვედრას, პოეზიის საღამოების გამართვას და დისკუსიებს ადგილობრივ მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე. პროექტმა დროთა განმავლობაში უფრო მასშტაბური სახე მიიღო. ამჟამად, „ცოცხალი წიგნები" შეხვედრებს მართავს სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და სამხედრო ნაწილებში. მარჯანიშვილის თეატრთან თანამშრომლობის დაწყების შემდეგ, მკითხველი მწერლის შემოქმედებას ახალი ფორმით, მონო - სპექტაკლის სახით ეცნობა. ამჯერად, „ცოცხალი წიგნები" ქვეყნის საზღვრებს გაცდნენ და უცხოეთში მცხოვრები ემიგრანტებისთვის გამართავენ პოეზიის საღამოებს. პროექტის „ცოცხალი წიგნები" მსვლელობისას, მწერლები აწარმოებენ დღიურებს და ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც, პროექტის დასრულების შემდეგ, წიგნი "მწერლის დღიურები" გამოიცემა. 2015 წელს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ლიტერატურული პროექტი „ცოცხალი წიგნები" „საზოგოდოებრივი მაუწყებლის" ჯილდოს „წლის საუკეთესო მოვლენა ლიტერატურის დარგში" მფლობელი გახდა.