ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების განცხადება ოპოზიციის ბოიკოტთან დაკავშირებით იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი წარსულშია ჩარჩენილი. მისივე თქმით, საზოგადოების დაკვეთა არა ბოიკოტი, არამედ განვითარებაა და რაც მალე მიხვდება ოპოზიცია ამას, მით მეტად ადეკვატური იქნება.
„მე, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კეთილგონიერებას მოუხმობენ ჩვენი ოპოზიციონერები და გადაიტანენ თავის პროტესტსა და ზოგადად, პოლიტიკურ ბრძოლას საპარლამენტო ფორმატში, რაც არის აპრობირებული, ერთადერთი ცივილიზებული გზა. აქეთკენ მოგვიწოდებენ ყველას და მათ, პირველ რიგში, მოუწოდებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ცალსახად მოუწოდებს ოპოზიციას, რომ თავი დაანებოს დესტრუქციულ ბოიკოტს და ნებისმიერი პოლიტიკური ბრძოლა, დებატები გადაიტანონ საპარლამენტო ფორმატში. მათ ასეთი საინტერესო მეტაფორაც კი გამოიყენეს, რომ ეს ბოიკოტი ჰგავს უკვე ერთხელ ნანახი ფილმის ხელახლა ყურებას, ანუ ეს ირიბად ნათქვამი იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთი ჩვენი ოპოზიციონერი, განსაკუთრებით ულტრარადიკალური ნაწილი, ჩარჩენილია წარსულში და საზოგადოებრივი დაკვეთა არის სხვა. საზოგადოებრივი დაკვეთა არის ევოლუცია, მშვიდობიანი განვითარება, საპარლამენტო გზა და არა ქუჩა, ამიტომაც ჩვენი და ჩვენი ოპოზიციური პარტიების ამომრჩეველიც მივიდა არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე და არ გავიდა მასობრივად ქუჩაში და რაც უფრო მალე მიხვდებიან თუ რა არის მათივე ამომრჩევლის დაკვეთა და მთლიანად ქართული საზოგადოების, მით უფრო მეტად ადეკვატურები იქნებიან ისინი და დარჩებიან პოლიტიკურ ასპარეზზე“, - განაცხადა თურნავამ.