„საქართველოს „გლობალური კეთილდღეობის ინდექსში“ საქართველომ ისტორიულ ნიშნულს 10%-დან 61,8%-ს მიაღწია“, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ განაცხადა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ამ მაჩვენებლით ქვეყანა რეიტინგში 53-ე ადგილს იკავებს, რაც ისტორიული მაქსიმუმია.
„მინდა გითხრათ, რომ 2012 წლამდე საქართველო 60 ქვეყანას მიღმა იყო ყოველთვის, ახლა კი საკმაოდ კარგი პოზიცია გაგვაჩნია მიუხედავად კოვიდისა. რეიტინგს ეწოდება „გლობალური კეთილდღეობის ინდექსი“. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა იმის თქმა, რომ ქვეყანაში სუფევს კეთილდღეობა. ჩვენ შორს ვართ ამისგან, რადგან ძალიან დიდი პრობლემაა გლობალური პანდემიით გამოწვეული და ჩვენ ბევრ სირთულეს ვუსწორებთ თვალს და ვუმკლავდებით, მაგრამ ეს რეიტინგი ასახავს ჩვენს სწორ გზას, ძალისხმევას და სწრაფვას სიღარიბიდან კეთილდღეობამდე და საქართველოს არის მიჩნეული ერთ-ერთ სანიმუშო მაგალითად თუ როგორ შეიძლება წარსულში ღარიბმა ქვეყანამ თანმიმდევრული რეფორმების გატარების გზით, ღია ეკონომიკის ჩამოყალიბების გზით, ლიბერალური სავაჭრო რეჟიმების დამკვიდრების გზით ეტაპობრივად დაძლიოს სიღარიბე და მიაღწიოს კეთილდღეობას“, - განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, ასეთი აღიარება საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან საქართველოსადმი ნდობას ზრდის.
ცნობისათვის, ბრიტანულმა ორგანიზაციამ „Legatum Institute“ ყოველწლიური ანგარიშის „კეთილდღეობის ინდექსი 2020“ (Prosperity Index) ონლაინ პრეზენტაცია 18 ნოემბერს გაიმართა.