„ჩვენ მზად ვართ, კიდევ ერთხელ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. ვინაიდან ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე ვართ პასუხისმგებელი. ჩვენ პატივს ვცემთ დემოკრატიას, საზოგადოებას და რა თქმა უნდა, მონაწილეობას მივიღებთ შემდგომ მოლაპარაკებებში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა აქვს აღებული, ყველა მოქალაქის წინაშე.
„მაშინ, როდესაც 930 000 ადამიანმა გადაწყვიტა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მართოს ქვეყანა, ჩვენ შესაბამისად წარვმართავთ პროცესს, რომელიც უკავშირდება COVID19-ის გამოწვევასთან მართვას, ეკონომიკასთან დაკავშირებულ საკითხებს და რა თქმა უნდა, ის პოლიტიკური საკითხები, რომელიც უკვე ჩვენი ყოველდღიურობაა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ აქტიურ რეჟიმში და უპირველეს ყოვლისა, ვზრუნავთ ჩვენს საზოგადოებაზე. ამის პარალელურად, რა თქმა უნდა მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესები, რომელსაც რა თქმა უნდა წარვმართავთ, არის გარკვეული საკითხები, რომლებიც მოლაპარაკებათა მაგიდასთან განიხილება. როდის შედგება მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი, რა ფორმატი იქნება, ამის შესახებ ინფორმაციას შესაბამის დროს მოგაწვდით“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, პანდემიის გამოწვევის ფონზე ჩატარდა სრულიად ცივილიზებული არჩევნები, რომელიც დასავლურმა სამყარომ აღიარა ლეგიტიმურად, თუმცა, მიუხედავად ამისა, არიან ოპოზიციური ჯგუფები, რომლებიც ამ დემოკრატიულ პროცესებში ჩართვაზე უარს ამბობენ.
„ეს კიდევ ერთხელ აშიშვლებს მათ რეალურ სახეს. უპირველეს ყოვლისა, მათი ამომრჩევლის წინაშე. დარწმუნებული ვარ, რომ ამომრჩევლები, რომლებმაც ახალგაზრდა პარტიებს დაუჭირეს მხარი, იმედგაცრუებულები არიან. მათ ეგონათ, რომ ეს პარტიები იქნებოდნენ მათი ხმა პარლამენტში, თუმცა, აღმოჩნდა, რომ მათ მხარი დაუჭერიათ „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რადგან ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ატარებს ამ ჯგუფებს საკუთარი დღის წესრიგით.
თუმცა, ამ ჯგუფებს აქვთ ტესტი ჩასაბარებელი საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინაშე, დემოკრატიის წინაშე: ან ისინი დადგებიან, საკუთარი ამომრჩევლის ინტერესების შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებზე მაღლა და იმოქმედებენ მათი მხარდამჭერების ინტერესების შესაბამისად, ან დარწმუნებული ვარ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაკარგავენ იმ ამომრჩეველსაც კი, ვინც მათ მხარი დაუჭირა და რეალურად, ჩვენ ხომ ვნახეთ პარალელური გამოკითხვები, ეგზიტპოლები, ყველა ის წინასწარი მონაცემი, რომელიც მიმდინარეობდა, თითქმის ერთი ერთში ემთხვევა ცესკო-ს მიერ დაფიქსირებულ საბოლოო შედეგს. მესმის, რომ მათ აქვთ საკუთარი დღის წესრიგი, მაგრამ არ შეიძლება, საკუთარი ვიწრო-პარტიული ინტერესები დააყენო საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლეზე მაღლა, როდესაც სრულიად დასავლეთი აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას.
ჩვენ ხომ ყველამ ვიხილეთ სამწუხარო სურათი, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის დროს, ქუჩაში იდგა ოპოზიცია. მოდით დავსვათ შეკითხვა - ვის გაუხარდებოდა ყველაზე მეტად ამ სურათის ნახვა - მგონი, დასკვნების გამოტანა შეგვიძლია - ხალხი, რომელიც დასავლურობაზე, დემოკრატიაზე თავს დებს და ამავდროულად, აქციებს უმართავს უმაღლესი თანამდებობის პირს - გვინდა არ გვინდა, ეს იყო აქცია აშშ-ისადმი, რითაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ დასავლეთი ასეთ ჯგუფებს არ უსმენს სათანადოდ და ეს იმითაც დადასტურდა, რომ მათთან შეხვედრა არ მომხდარა. ეს სურათი აწყობთ მათ, ვინც ჩვენი ქვეყნის მიმართ არ არიან კეთილგანწყობილნი“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.