კომპანია „Apple“ მზადაა, ამერიკის 34 შტატში ძველი მოდელის iPhone-ების მუშაობის განზრახ შენელების გამო დაწყებული გამოძიებების შეჩერების სანაცვლოდ 113 მილიონი დოლარი გადაიხადოს. ამის შესახებ არიზონის შტატის გენერალურმა პროკურორმა, მარკ ბრნოვიჩმა განაცხადა.
„Apple“-ის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას არიზონის, ინდიანისა და არკანზასის შტატები ხელმძღვანელობენ. პრეტენზიების დარეგულირება გამოძიების ფარგლებში კორპორაციის მხრიდან ბრალის აღიარებას არ ნიშნავს.
მარკ ბრნოვიჩის განცხადებით, კომპანია „Apple“-მა, ძველი მოდელის ტელეფონების მუშაობის შენელებით და უფრო ახალი მოდელების გაყიდვით დამატებითი სარგებელი მიიღო. შეთანხმების თანახმად, არიზონის შტატს „Apple“ 5 მილიონ დოლარს გადაუხდის.
2020 წლის მარტში „Apple“-მა გამოთქვა მზადყოფნა, გადაიხადოს 310-500 მილიონი დოლარი იმ სარჩელების დასაკმაყოფილებლად, რომლებიც iPhone-ების მფლობელებმა 2017-2018 წლებში შეიტანეს. 310 მილიონი დოლარი მინიმალური თანხაა, რომლის გადახდაც „Apple“-ს მოუწევს. თანხის საბოლოო ოდენობა დამოკიდებულება მოსარჩელეთა რაოდენობაზე. ამასთანავე, სასამართლო პროცესი ჯერ არ დასრულებულა. საქმეზე მორიგი სხდომა 4 დეკემბერს გაიმართება.