„ოპტიმისტური პროგნოზით, საქართველო ვაქცინას 2021 წლის გაზაფხულზე მიიღებს“, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განუცხადა.
თამარ გაბუნიას განმარტებით, ვაქცინების გლობალურ ალიანსში საქართველომ ვაქცინის შესაძენად წინასწარი შენატანი უკვე გააკეთა.
„ჩვენ ვაქცინას მივიღებთ ვაქცინების გლობალური ალიანსის მხრიდან. ოპტიმისტური პროგნოზით, ეს იქნება მომავალი წლის გაზაფხულზე, მარტიდან-მაისის პერიოდში. „კოვაქსი“, რომელიც დაწინაურდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაში, არის სწორედ გლობალური ალიანსის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია. საქართველომ უკვე გადაიხადა წინასწარი შენატანი ამ ორგანიზაციაში იმისთვის, რომ ჩვენ გარანტირებულად მივიღოთ ვაქცინა. ასევე, ჩვენ გვაქვს ვაქცინის არჩევის უფლებამოსილება. ანუ გვაქვს შესაძლებლობა, განვიხილოთ სხვადასხვა მწარმოებლის მიერ შემოთავაზებული ვაქცინების ეფექტურობა და მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება ხარისხის ფაქტორებისა და იმ შედეგების გათვალისწინებით, რომელიც მწარმოებელს ამა თუ იმ ვაქცინაზე ექნება“, – განაცხადა გაბუნიამ.
თამარ გაბუნიას ინფორმაციით, პირველ ეტაპზე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, მოსახლეობის 20 პროცენტის სამყოფი დოზის მოთხოვნა შეუძლია და საჭირო თანხა საქართველოს მთავრობას უკვე მობილიზებული აქვს. ახლა ქვეყანამ მოსამზადებელი პერიოდი უნდა გაიაროს.
„მოსახლეობის 20 პროცენტისთვის შეგვიძლია მოვითხოვოთ პირველ ეტაპზე ვაქცინის შესყიდვა და ეს თანხა, რა თქმა უნდა, უკვე მობილიზებულია და მზად ვართ, როგორც კი იქნება დასრულებული ვაქცინის წარმოება და მოხდება მისი ავტორიზაცია, მოხდეს მისი ქვეყანაში დანერგვა. ამ ეტაპზე ჩვენ ვმუშაობთ მსოფლიო ბანკის დახმარებით ვაქცინის დანერგვის პროცესის გამართვაზე, ანუ ეტაპები, რაც ქვეყანამ უნდა გაიაროს არის ასეთი – პირველი, შეფასების ეტაპი, რამდენად მზად არის ქვეყანა ვაქცინის დასანერგად, აქ საუბარია ლოჯისტიკის პროცესებზე, რადგან ვაქცინას დასჭირდება ცივი ჯაჭვის ორგანიზება და ეს უფრო რთულია, ვიდრე სხვა ვაქცინების შემთხვევებში. ანუ ტემპერატურა, რომელსაც „კოვაქსის“ ვაქცინა მოითხოვს, არის უფრო დაბალი. რა თქმა უნდა, საჭირო იქნება პერსონალის ტრენინგიც. ამ ყველაფერზე ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ და ვფიქრობ, რომ როგორიც კი იქნება ვაქცინა, ქვეყანა დახვდება მზად და დაიწყება შესაბამის ჯგუფებში ვაქცინაცია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე გამოაქვეყნა გარკვეული რეკომენდაციები, თუ ვის შეიძლება მიენიჭოს უპირატესობა ვაქცინისთვის და, რა თქმა უნდა, ჩვენც ამ ყველაფერს დავგეგმავთ ეროვნულ დონეზე, ისე, როგორც ეს იქნება რეკომენდირებული“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.