საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტი „Check in Georgia" გრძელდება. 2 ივლისს, ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით, კონცერტები გაიმართება საქართველოს ორ რეგიონში.
ქალაქ სიღნაღში, 19:00 საათზე, დავით აღმაშენებლის სახელობის მოედანზე (გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე) გაიმართება ნინი წიკლაურის, თიკა მახალდიანის, სალომე ბაკურაძის, ნოდიკო ტატიშვილის, გიორგი სუხიტაშვილის, ოთო ნემსაძისა და ჯგუფის „ლაბორატორია" კონცერტი.
2 ივლისს, სტალინის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე არსებულ სკვერში, გორელი მსმენელის წინაშე კი ჯგუფი „სეიშენი", ინსტრუმენტული ჯგუფი, მარიამ ებრალიძე, თემურ საჯაია, ქეთი ფარესაშვილი და ზაურ შავგულიძე წარდგებიან. დასაწყისი 19:00 საათზე.
აპრილში დაწყებული პროექტი „Check in Georgia" წლის ბოლომდე გაგრძელდება და მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებას და 40-ზე მეტ ფესტივალს აერთიანებს.
პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა 4 გრანდიოზული კონცერტი - ქართველი მსმენელის წინაშე წარდგნენ ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი, ჯგუფი „Maroon 5" და ხოსე კარერასი.
პროექტის „Check in Georgia" განხორციელების მიზანია წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა; ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა; შედეგად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. „Check in Georgia" მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას, იზრდება ქვეყნის, როგორც ტურისტული და კულტურული ცენტრის ცნობადობა, ასევე საერთაშორისო იმიჯი.