„საარჩევნო უბნებთან „სირცხვილის დერეფნების“ ორგანიზება, თავისი შინაარსით, აშკარად სცდება კონსტიტუციით გარანტირებულ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დადგენილ ჩარჩოებს“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ განაცხადა.
„სირცხვილის დერეფნების“ ორგანიზება არღვევს მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას და შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, რადგან, ერთმნიშვნელოვნად, მიზნად ისახავს საარჩევნო ნების განხორციელების ხელის შეშლას და პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს ამომრჩეველზე, რათა, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, უარი თქვას არცევნებში მონაწილეობაზე. შსს მოუწოდებს შესაბამისი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს, მათი მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების განხორციელების შემთხვევაში, პოლიცია მოახდენს მყისიერ რეაგირებას და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები წარიმართება. ასევე მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას ხელი შეუწყონ“, - განმარტავენ უწყებაში.
ცნობისათვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ვარშალომიძემ განაცხადა: „21 ნოემბერს დავდგეთ ყველა საარჩევნო უბანზე და სირცხვილის კორიდორი გავაკეთოთ, ვნახოთ, რამდენი ჰყავს „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერი“.