ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
20 ნოემბერი იმედო ფხაკაძის 78-ე დაბიდუბია.
ქართული ხელბურთის ერთ-ერთი ლეგენდა.
საბჭოთა კავშირის პირველი ჩემპიონი.
ქართველ ხელბურთელთაგან, ყველაზე დიდ ხანს -12 წლის მანძილზე იყო სსრკ ნაკრების შემადგენლობაში.
მონაწილეობდა მსოფლიო ჩემპიონატებზე.
საქართველოში ხელბურთის განვითარების ერთ-ერთი პიონერი თამაზ ანთაძესთან, ჯემალ ცერცვაძესთან, ჯანო ბაგრატიონთან, ანზორ ექსეულიძესთან, ჯემალ აბაიშვილთან, ლერი კარტოზიასთან და სხვა ბრწყინვალე მოთამაშეებთან ერთად.
იყო საქართველოს ნაკრების მწვრთნელი. ახლაც მოღვაწეობს რესპუბლიკის ხელბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე.
ამ ფოტოსურათებზე აღბეჭდილია მისი ბიოგრაფიის სწორედ ეს ღირსშესანიშნავი მომენტები და კიდევ ერთი:
სკოლის მერხიდან დაწყებულ და 70 წლის მანძილზე ნაფერებ, სულის შებერვით განმტკიცებულ ჩვენს მეგობრობას, განმტკიცებულს ერთმანეთის მეჯვარეობით და ნათლიმამობით, წყალი ვერ შეუყენა ვერცერთმა პარტიამ, ვერცერთმა ხელისუფლებამ, „კაგებემ“, „ცერეუმ“, კიბომ და კორონავირუსმა.
იმედოს ასი წლისთავზე ყველას გეპატიჟებით, მიუხედავად იმისა, რომ ახლა პაწა გვიჭირს, მაგრამ ჩვენ შევსვამთ იმ კიბოს შესანდობარს, რომელსაც არ ეყო ჭკუა, დაეტაკა ამ ლეგენდა კაცს და... ვაძლევ სიტყვას მაგ არამზადა სენს, რომ იმედოსთან და ჩემთან „პაექრობაში“, გმირულად დაიღუპება.
ჩვენს უსაყვარლეს ძმას და მართლა იმედს, სულით და გარეგნულად ულამაზეს, ხელისგულზე სატარებელ კაცს - იმედო ფხაკაძეს გაუმარჯოს!