logo_geo
eng_logo
სულხან მოლაშვილი: ივანიშვილის წასვლის შემდეგ ძირითადი მამოძრავებელი ძალის ნაკლებობა იგრძნობა
- +

1 ივლისი. 2016. 19:10


კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ პროცესებზე საუბრობს და აცხადებს, რომ დღესდღეობით ხელისუფლებისთვის გადამწყვეტი მომენტი დგას. მოლაშვილი იური ვაზაგაშვილის მკვლელობასა და სხვა გახმაურებულ საქმეებზე საუბრობს და მისი თქმით,  „ახლა არის მომენტი, ერთგვარი მიჯნა, თუ როგორ გაართმევს თავს ხელისუფლება გახმაურებული საქმეების გახსნასა და სამართლიანობის აღდგენას. ამის კვალობაზე მოხდება დღევანდელი ხელისუფლების შეფასება". აღნიშნულზე სულხან მოლაშვილი „რეპორტიორს" ესაუბრა.



სულხან მოლაშვილი, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე:


-ბატონი იური ვაზაგაშვილის მზაკვრული აფეთქების ფაქტზე იმის თქმა შეგვიძლია, რომ ეს ტრაგედია ჯერ კიდევ 2006 წლის 2 მაისს დაიწყო, როდესაც ზურა და მისი მეგობრები უმოწყალოდ ჩაცხრილეს. მე კარგად ვიცი ეს საქმე გამომდინარე იქიდან, რომ ერთ-ერთი თანამონაწილე ამ მსხვერპლთა შორის, ბუბა ფუთურიძე ჩვენთან ერთად იხდიდა სასჯელს, ვიდრე სათანადო შეთანხმებას გაუფორმებდნენ. მე ვარ იმის მოწმე, თუ როგორ საშინელ მდგომარეობაში ამყოფეს, რათა ეიძულებინათ, ხელი მოეწერა ჩვენებაზე, რომლის თანახმადაც, პირველი ტყვია გასროლილი უნდა ყოფილიყო მანქანიდან. ისინი ემუქრებოდნენ ფუთურიძეს, რომ ამოუწყვეტდნენ ოჯახს, არ გაუკეთებდნენ მას ოპერაციას და მისცემდნენ 25-წლიან სასჯელს. თუკი ის მოაწერდა ხელს ხელშეკრულებას, მას მისცემდნენ მინიმალურ სასჯელს, 4 წლამდე. რა თქმა უნდა, ძნელია ახლა მისი მდგომარეობის განსჯა. მთავარია, რომ ახლა მან უკვე სხვა პირობებში და სხვა ვითარებაში მისცეს სწორი ჩვენება. როგორც ვიცი, ფუთურიძე ასეც მოიქცა. სამწუხარო და საგულისხმოა ის, რომ ამ ყველაფერს ორგანიზებას უკეთებდა მისი ე.წ დამცველი, ვინმე ჯოგლიძე, რომელიც პროკურატურის ამ ამაზრზენ დავალებას ასრულებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ისევე როგორც სამართალდამცავ სხვა სისტემებში, ადვოკატურაშიც ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც სოდ-ისა და კუდ-ის პირდაპირი აგენტი იყო.


გარდა ამისა, ამ საქმესთან დაკავშირებით ისიც უნდა ითქვას, რომ ამ 2 წლისა და 3 თვის მანძილზე მოსახლეობას გაუნელდა ის იმედი, რაც გააჩნდა ხელისუფლებაში კოალიციის მოსვლის პირველ დღეებში. მოლოდინი იყო გაცილებით დიდი და დღეს სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით, საზოგადოების მოლოდინი ქრება. ბევრი თავს იმართლებს იმით, რომ რთულია გამოძიება და ა.შ. მე, როგორც იურისტი, კატეგორიულად ვაცხადებ, რომ რამდენიმე საქმის კონკრეტულ მაგალითზე ვიცი, რომ ასეთი საქმეების გამოძიებას არაფერი დიდი დრო არ სჭირდება. მაგალითად, ჩემი წამების ფაქტი, რომელიც ვერაფრით ვერ გამოიძიეს და ახლა სტრასბურგის სასამართლომ დაავალა, გამოეძიათ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩემი საქმე ყველაზე კარგად ვიცი. სხვა რამდენიმე საქმეც ვიცი ძალიან კარგად. ჩემს მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტი დადასტურდა ევროპის მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელის მათიას იორშის და ქართული არასამთავრობო ოგანიზაციების წარმომადგენლების თვალწინ შინაგან საქმეთა სამინისტროს სარდაფში მაშინდელ ე.წ. მე-7 ციხეში. იქ ნახეს ის საშინელი პირობები, რომელშიც მე ვიმყოფებოდი. იქ მე აღმოვჩნდი ღამის 2 საათზე, ჩემთვის უცნობი ადამიანის ბრძანების საფუძველზე. მაშინ, როდესაც ქართული კანონმდებლობა კრძალავს პატიმრის შუაღამეს გადაყვანას, რადგან მას 8 საათის ძილის უფლება აქვს, იმ შემთხვევაში, თუკი რაიმე კრიზისული მდგომარეობა არაა. ასეთ შემთხვევაში, გამოძიებელს აქვს დასადგენი მხოლოდ ის, თუ ვინ გასცა ბრძანება. ასეთი ბრძანების გაცემა, სულ მცირე, გახლავთ უფლებამოსილების გადამეტება. ხოლო, როდესაც დაიკითხებიან ის ადამიანები, ვინც ამას ორგანიზებას უკეთებდა და გასცემდა ბრძანებას, კიდევ უამრავი პერსონა გამოიკვეთება საქმეში.


-თქვენი საქმის გარდა, სხვა რომელ გახმაურებულ საქმეზე ფლობთ ინფორმაციას?


-ჩემი საქმის მსგავსად, ასევეა გირგვლიანის საქმეც. როდესაც ჩვენ ევროპის სასამართლო გვეუბნება, რომ შეთანხმებულად მოქმედებდნენ ხელისუფლების ყველა შტოს წარმომადგენლები, იგულისხმება, რომ იქ პოლიციაც ჩართული იყო. პოლიციის თანამშრომლები ვნახეთ დაპატიმრებულები, მაგრამ ვერ ვნახეთ პროკურატურიდან ამ საქმის გამო თუნდაც სამსახურიდან დათხოვილი ხალხი. ვერ ვნახეთ სასამართლო სისტემიდან თუნდაც საყვედურგამოცხადებული მოსამართლე. თუმცა, რა საყვედურზე შეიძლება ლაპარაკი, სადაც მურუსიძეა იუსტიციის საბჭოში და კუბლაშვილი - უზენაეს სასამართლოში.


-რა ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი აღნიშნული სიტუაციიდან გამოსასვლელად?


-ხელისუფლებამ ვერც ერთ გახმაურებულ საქმეში თავი ვერ გამოიჩინა. მე მოვუწოდებ ყველას - 31 იანვარს დაგეგმილ აქციას შეუერთდეს, იმისათვის,რომ გამოვიდეთ და დავანახოთ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომ ჩვენ ვდგავართ ხელისუფლების გვერდით.  და დავანახოთ, რომ ხელისუფლებისა და ხალხის ნება არის ერთიანი. ეს ნება კი არის ის, რომ გაიწმინდოს სამართალდამცავი ორგანოები მიხეილ სააკაშვილის დროინდელი სისხლისმსმელი თანამშრომლებისაგან. უნდა გამოცხადდეს სპეციალური მანიფესტი, რომელსაც ექნება ერთგვარი ულტიმატუმის ფორმა. ყველა სისტემაში უნდა გაირკვეს  იმ ადამიანების ვინაობა, ვისაც მიუღია მონაწილეობა საქმეების ფალსიფიცირებაში, გაყალბებაში, მტკიცებულებათა გაქრობაში, და სათანადო რეაგირება მოჰყვეს.


პოლიტიკოსები ტყუილად იმართლებენ თავს, როდესაც ამბობენ, რომ მორალური ზიანის ანაზღაურება თუნდაც მატერიალურად ისეთ ციფრს მიაღწევს, რომ ქვეყანის ბიუჯეტს ძალიან გაუჭირდება. მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ მათთვის პრიორიტეტი ფულადი კომპენსაცია არაა. მათ მორალურ მდგომარეობას დააკმაყოფილებს ისიც, რომ სამართლიანობა აღდგება. ეს თავისთავად იქნება კომპენსაციის ძალიან სერიოზული სეგმენტი. რაც შეეხება მატერიალურ ანაზღაურებას, ყველა ადვილად გაუგებს ხელისუფლებას, როდესაც დაინახავს, რისი შესაძლებლობა აქვს ქვეყანას.  თუმცა, წართმეული ქონების დაბრუნება უპირობოდ უნდა მოხდეს.

 

-დავუბრუნდეთ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაის ფაქტს. არსებობს გარკვეული მოსაზრებები იმის შესახებ, რომ შესაძლოა, მსგავსი ტერორისტული აქტები კვლავ განხორციელდეს. თქვენ როგორ მიგაჩნიათ, არის თუ არა რეალურად ამის საშიშროება?


-იური ვაზაგაშვილის აფეთქება გახლავთ მომასწავებელი ფაქტი იმისა, რომ მოსახლეობა კიდევ ერთხელ დაუჭერს მხარს ხელისუფლებას. ახლა არის მომენტი, ერთგვარი მიჯნა, თუ როგორ გაართმევს თავს ხელისუფლება ამ და სხვა მსგავსი გახმაურებული საქმეების გახსნას. ამის კვალობაზე მოხდება დღევანდელი ხელისუფლების შეფასება. ეს შეფასება აქტუალობას არ დაკარგავს დიდი ხნის მანძილზე. ხელისუფლების სასიცოცხლო ინტერესებში შედის ეს ყველაფერი. მაგალითად, „კორტების საქმეზე" თუკი ხელისუფლება შემოიფარგლა მხოლოდ ერთი ან ორი მეისრე პოლიციელის დაჭერითა და მათზე გადაბრალებით ამ საშინელი სპეცოპერაციისა, ეს იქნება სირცხვილი. ასევე ეს იქნება ჩვენთვის საშიშროება, რომ ხვალ საქართველოში შესაძლოა, განმეორდეს ანალოგიური სპეცოპერაციები.



თავიდანვე უნდა მომხდარიყო ამ რეჟიმის პოლიტიკური შეფასება, როგორც კრიმინალური რეჟიმისა. თუმცა, ახლაც არ არის გვიან. სამართლიანობის აღდგენა, სურვილის შემთხვევაში, ჯერ კიდევ შესაძლებელია. ეს პროცესი უნდა დაიწყოს სამართალდამცავი ორგანოების გაწმენდით. თუკი გაწმენდა არ დაიწყება, თუკი კუბლაშვილისნაირი კაცი იქნება ისევ სასამართლოში. თუკი მეიშვილი იქნება ისევ სასამართლოში და მურუსიძე, ისინი თავიანთ ნამოქმედარზე არასდროს იტყვიან, ეს რა ჩაგვიდენიაო. არც ბოდიშს მოიხდიან არასდროს. პირიქით, როგორც ვხედავთ, ჩოხა-ახალუხს იზომავენ ახალი თანამდებობების დასაკავებლად და ჟურნალისტების თვალწინ ურცხვად აცხადებენ, რომ მზად არიან, დაიკავონ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი. როცა ასეთი ადამიანები მძლავრობენ სამართალდამცავ სისტემაში, ხელისუფლებამ გაცილებით მეტი მონდომება და ვაჟკაცობა უნდა გამოიჩინოს.


-როგორ შეაფასებთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის მიმდინარე პროცესს? გესახებათ თუ არა ვინმე კონკრეტული პირი აღნიშნულ თანამდებობაზე?


- ბიძინა ივანიშვილმა კარგად შეაფასა პრეზიდენტის მხრივ ამ პროცესში მონაწილეობის ავკარგიანობა. არც პრეზიდენტს და არც არავის არ სჭირდება ეს ზედმეტი ცრუ მოძრაობები, ზედმეტი საიდუმლოებების ორგანიზება, ჩასაფრებები და ა.შ. კონსტიტუციამ მას მიანიჭა უფლება, რომ წარადგინოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა და დამთავრდა. ამიტომ ვის ჰკითხავს, რას ჰკითხავს, ეს მისი საქმეა და არანაირი ვალდებულება მას არ გააჩნია. პრეზიდენტი არ არის ვალდებული, ამ საკითხზე დაეკითხოს თუნდაც იუსტიციის საბჭოს. ამიტომ, როდესაც თათბირებს ატარებს ერთი და იმავე ორიენტაციისა და აზროვნების ხალხთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ა.შ., ეს ზედმეტია. თუკი ეთათბირები ერთ პოლიტიკოსს, მაშინ ყველა პარტიის წარმომადგენელს უნდა დაელაპარაკო. თუკი რომელიმე არასამთავრობოს ელაპარაკები, მაშინ გვერდზე არ უნდა დაგრჩეს სხვა. ამიტომ თავად პრეზიდენტის მხრიდან არის ატეხილი საკმაოდ არასასურველი აჟიოტაჟი. ისეთმა კანდიდატურებმა გაიჟღერა, განსაკუთრებით მურუსიძე, მეიშვილი, ეს ხალხი საერთოდ არ უნდა ფიგურირებდნენ ამ საქმეში. მურუსიძე თავის დროზე სასამართლო სისტემაში ადეიშვილის რეკომენდაციით მოხვდა. ადეიშვილი თავის კადრებს ნიშნავდა საგამოძიებო პალატაში მომუშავე მოსამართლე ჯორბენაძის მეშვეობით. მურუსიძემ, როგორც კარგმა შემსრულებელმა და ყურმოჭრილმა მონამ, გამოიჩინა თავი და მიაღწია დღეს არსებულ პოზიციებს.


საერთოდ, მე თუ მკითხავთ, იმას, ვისაც შეხება ჰქონდა სააკაშვილის დროს მაღალ სახელისუფლებო სტრუქტურასთან, მათი განხილვა ამ პოსტზე კატეგორიულად მიუღებელი და ქვეყნისთვის დამღუპველია. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა იყოს პროფესიონალი ადამიანი და მცდარია ის აზრი, რომ მას არ უნდა ჰქონოდა შეხება არასდროს პოლიტიკასთან. თუკი ის იყო ჯანსაღი პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენელი, რატომაც არ შეიძლება?! საქართველოში ამ თანამდებობისთვის შესაფერი ბევრი ადამიანი არსებობს. თუნდაც ცნობილი მეცნიერები თედო ნინიძე და გია მეფარიშვილი.


მიხეილ სააკაშვილმა სპეციალურად შექმნა ისეთი სასამართლო კორპუსი, როგორიც საქართველოს არასოდს ჰყოლია. 30-იანი წლების სტალინის რეპრესიების დროსაც კი საქართველოს ასეთი ყურმოჭრილი სასამართლო არ ჰყოლია. რუსეთის სასამართლოც კი უფრო დემოკრატიულად გამოიყურება, ვიდრე ჩვენი. სააკაშვილმა შექმნა ისეთი სასამართლო, რომელიც იქნებოდა პოლიციისა და პროკურატურის დანამატი.

 

-როგორ ფიქრობთ, ქვეყანაში არსებული ვითარებიდან და მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში თუ არა?


-მე პირადად ერთ-ერთი მხარდამჭერი ვარ ბიძინა ივანიშვილის. ალბათ, ბოლომდე ასე ვიქნები, რადგან ის, რაც ამ კაცმა გააკეთა საქართველოსთვის, ძალიან ძნელი გასაკეთებელი იყო. საერთოდ დაუნახაობა, უმადურობა ერთ-ერთი სერიოზული უკეთურებაა. მე ვფიქრობ, რომ სანამ ბიძინა ივანიშვილი იყო პოლიტიკაში, ხელისუფლებაში არ იგრძნობოდა ასეთი მოფამფალებული სიტუაცია და ნაციონალების ასეთი პარპაშიც არ ჩანდა. რადგან თვითონ კოალიციაში შემავალი ვითომ მომხრე პარტიებიც ერთგვარად მოკრძალებულად გამოიყურებოდნენ. ივანიშვილის წასვლის შემდეგ, თითქოს ხელისუფლებაში რაღაც სისუსტეა და ძირითადი მამოძრავებელი ძალის ნაკლებობა იგრძნობა, ასევე კოალიციაშიც ისეთი სიტუაციაა, რომ ერთიანობის სეგმენტიც დაკარგულია. ამ ყველაფერს ავსებდა თავისი პიროვნული თვისებებით ივანიშვილი. ჩემი პირადი სურვილია, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდეს. ჩემი აზრით, მისი წასვლა დროებითი ნაბიჯია და თავის დროზე ბიძინა აუცილებლად დაბრუნდება პოლიტიკაში. ეს იქნება მისი მხრიდან სწორი ნაბიჯი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner