პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექვსი არასრულწლოვანისთვის სასამართლოს მიერ სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთის შეფარდების საკითხზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
„მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში, ასევე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებული ექვსივე პირი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.
ლ.შ.-ს, გ.მ.-ს და ნ.ც.-ს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე შეუმცირდათ 1/4-ით და საბოლოოდ განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და 3 თვის ვადით. მათვე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც შეუმცირდათ 1/4-ით და განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 9 თვის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ლ.შ-ს, გ.მ.-ს და ნ.ც.-ს თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და 3 თვით განესაზღვრათ.
ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლით შეუმცირდათ 1/4-ით და თავისუფლების აღკვეთა 6 წლით და 9 თვით განესაზღვრათ. მათვე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც შეუმცირდათ 1/4-ით და განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 3 წლის და 9 თვის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.
ნ.ქ.-ს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლით შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის და 9 თვის ვადით.
სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 18 ივნისს, ლ.შ., გ.მ., ვ.ჩ., ნ.ც. და გ.ტ.-მ ორგანიზება გაუწიეს ჯგუფურ მოქმედებას, რომელსაც თან ახლდა ძალადობა. კერძოდ, ლ.შ.-მ, გ.მ.-მ, გ.ტ.-მ, ნ.ც.-მ და ვ.ჩ.-მ, მისი და ნ.ხ.-ს ცემის გამო, შურისძიების მოტივით, ჩხუბში მონაწილე პირებზე ძალადობის მიზნით, მოახდინეს დამატებითი ძალის მობილიზება. ამისათვის, ვ.ჩ. და გ.ტ. თავიანთი ავტომობილებით, თანმხლებ პირებთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტიდან წავიდნენ ქალაქ თბილისში, ხოლო ლ.შ. და გ.მ. დარჩნენ ადგილზე, რათა პერიოდულად მიეწოდებინათ ინფორმაცია მოწინააღმდეგე მხარის ადგილსამყოფელის შესახებ.
19 ივნისს, დაახლოებით 00:45 საათზე, მდინარე არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ გიორგი შაქარაშვილს, გურამ ამირხანაშვილს, გიორგი ქათამაძეს, ვახტანგ ახვლედიანს, იაკობ ბრეგვაძეს და კონსტანტინე ღიბრაძეს თავს დაესხნენ ნ.ც., გ.ტ., ნ.ქ., თ.ბ., ი.მ., გ.მ., ლ.შ. და და რკინის ხელკეტით შეიარაღებული ნ.ჟ., რომლებიც გიორგი ქათამაძეს, კონსტანტინე ღიბრაძეს და ვახტანგ ახვლედიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოგვიანებით გიორგი შაქარაშვილი და ნაცემი ახალგაზრდები დაბრუნდნენ შემთხვევის ადგილზე, დაეხმარნენ ნაცემ გიორგი ქათამაძეს და ცდილობდნენ თბილისში დაბრუნებას, რა დროსაც ახლა უკვე, ვ.ჩ., ვ.მ., ა.ქ., ზ.ხ., ა.გ. და ნ.რ. დაესხნენ თავს, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ცდილობდნენ მათზე ძალადობას. საფრთხის თავიდან არიდების მიზნით, გიორგი შაქარაშვილი დ მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ და მიიმალნენ არაგვის მიმდებარე ტერიტორიაზე. ა.ქ.-მ, ა.გ.-მ, ვ.მ.-მ, ვ.ჩ.-მ, ზ.ხ.-მ და ნ.რ.-მ იპოვეს დამალული გურამ ამირხანაშვილი, იგი მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩასვეს ავტომობილში და მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე დატოვეს.
2020 წლის 22 ივნისს მდინარე არაგვში აღმოჩენილი იქნა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი.
სამართალდამცველებმა ლ.შ., გ.მ., ნ.ც., ნ.ქ., ა.ქ. და ზ.ხ. 2020 წლის 26 ივნისს დააკავეს.
ლ.შ.-ს, გ.მ.-ს და ნ.ც.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მონაწილეობა) წარედგინათ.
ნ.ქ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა.
ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთა) წარედგინათ.
აღნიშნული სასჯელი განესაზღვრათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში, ასევე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებულ პირებს. გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში არსებითი განხილვა გრძელდება და საქართველოს პროკურატურას ექნება უმკაცრესი მიდგომა დანაშაულის ჩადენაში მხილებული სხვა ბრალდებულების მიმართაც, რათა დანაშაულის ჩამდენმა პირებმა სრული სიმკაცრით აგონ პასუხი კანონის წინაშე“, – აღნიშნულია განცხადებაში.